Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ მოსამართლეების სანქცირებაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა თქვა, მთავარი საკითხი სასამართლო სისტემა და კონკრეტული მოსამართლეებისთვის სანქციების დაკისრება იყო.

"მესამე პრეზიდენტის საქმე არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ მას არ აქვს საშუალება სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლოს. იმის გამო, რომ ეს სისტემა არ არის დამოუკიდებელი, მის საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი...

ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტარგეტირებული სანქციები იყოს გამოყენებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მიმართ. ასევე ვსაუბრობდით, რომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კლანის გადაწყვეტილებებს", - თქვა ეკა გიგაურმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "სოციალური სამართლიანობის ცენტრისა" და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მანამდე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

"ქართული ოცნების" ლიდერმა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდა სამომავლო რეფორმებზე, რაც უკავშირდება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

"ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული ვიზიტები, თანამშრომლობა, რომელიც დღემდე გვაქვს, მოწმობს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი რეგიონთან მიმართებაში დიდია და ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ მათთან იმისათვის, რომ ამ თანამშრომლობაში ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

XS
SM
MD
LG