Accessibility links

site logo site logo

ელენე ხოშტარია „ოცნების“ განცხადებას მისი მოწამვლის სცენარის შესახებ „ფანტაზიის მძიმე მდგომარეობად“ აფასებს


პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წყაროზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებას, რომ „რადიკალურ ოპოზიციაში“ განიხილება ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. პარლამენტის იმ ოთახიდან, სადაც ის შიმშილობს, სატელევიზიო ჩართვაში ხოშტარიამ თქვა, რომ ამ შინაარსის განცხადება „ქართული ოცნების“ ფანტაზიის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს და არსებითი საკითხებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა.

„რაც შეხეება ჩემს მოწამვლას, გარდა იმისა, რომ ეს მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ, არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ასევე ჩემს ჯანმრთელობაზე, არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია გადაწყვიტოს ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა, (ვციტირებ ომბუდსმენს) და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. ამიტომ, ლაპარაკი რაღაცა შეთქმულებებზე, ან მცდელობა ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან, ან აქცენტების და ყურადღების გადატანა არ გამოუვათ მათ. ერთადერთი, რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი - ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მეტს მე ამ საკითხზე აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში დღეს, 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.“

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG