Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველას გელა ჩარკვიანი


ყველას თავისი გელა ჩარკვიანი ჰყავდა. ვისთვის ბატონი გელა საქართველოს ცეკას პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის შვილი იყო (არაერთ წიგნში აღწერილი ისტორიებით მამამისსა და მის გარემოცვაზე: სტალინზე, ბერიაზე, მიქოიანზე, ხრუშჩოვზე და ა.შ.), ვისთვის შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქის უნიჭიერესი დიპლომატი და თარჯიმანი; ვისთვის - ინგლისურის ყველაზე ცნობილი პედაგოგი და რეპეტიტორი სწავლების უნიკალური მეთოდით; ვისთვის მომხიბლავი გარეგნობის, ელეგანტური კაცი, დაჯილდოებული უამრავი, მათ შორის, ლიტერატურული და მუსიკალური, ნიჭით; ვისთვის - ირაკლი ჩარკვიანის მამა და ა.შ.

გიორგი ბადრიძე, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, გელა ჩარკვიანს უწოდებს რენესანსის დონისა და ფასეულობების ადამიანს.

„გელა ჩარკვიანი იყო ნამდვილი ინტელექტუალური გიგანტი, სინათლის უზარმაზარი წყარო, რომლის ყოლა ნებისმიერი ერისთვის დიდი გამართლება იქნებოდა. ასეთი ადამიანები

გიორგი ბადრიძე
გიორგი ბადრიძე

ცოტაა, მათ ყოველთვის გაფრთხილება და დაფასება უნდათ. წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ინტელექტუალურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ცხოვრებაში. ერთი მხრივ, გაგვიმართლა, რომ მოასწრო თავისი კარიერის დასრულების შემდეგ მემუარული წიგნების გამოქვეყნება, მაგრამ აშკარად ბევრად უფრო პროდუქტიული და ეფექტიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, მისი პოტენციალი უფრო მეტად რომ გამოეყენებინა. უზარმაზარი დანაკარგია მისი გარდაცვალება. როგორც ადამიანი, იყო უბრწყინვალესი, ინტელიგენტურობის სრული განსახიერება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტელექტუალი, ვისაც კი შევხვედრივარ. გამიმართლა, რომ მისი მოადგილე ვიყავი საქართველოს საელჩოში ლონდონში ორი წლის განმავლობაში. პროფესიულად და ადამიანურად უზარმაზარი სიმდიდრე იყო ჩემთვის ეს პერიოდი“, - უთხრა გიორგი ბადრიძემ რადიო თავისუფლებას.

ბოლო წლებში ქართულმა საზოგადოებამ გელა ჩარკვიანი გაიცნო როგორც ნიჭიერი მწერალი, ავტორი არაერთი ბიოგრაფიული წიგნისა: „ნაგერალა“ (ჩანაწერების ციკლი), „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ (ავტობიოგრაფიული რომანი), „იმდროს - 70 ამბავი“ და სხვ.

გელა ჩარკვიანის ბიოგრაფია, მისი პროფესიული საქმიანობა თუ ყოფითი ცხოვრება, წარმოუდგენელია ინგლისური ენის გარეშე, რომლის შესწავლას და სწავლებას მთელი ცხოვრება და თავისი ბოლო წიგნი - „ENGLISH - როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ - მიუძღვნა.

გერმანოფილ მამას, როგორც თვითონ გელა ჩარკვიანი ამბობდა მამამისზე, კანდიდ ჩარკვიანზე, საქართველოს პირველ პირზე მთელი 14 წლის განმავლობაში, ლოგიკურად უნდა სდომებოდა, მის შვილებს სრულყოფილად სცოდნოდათ მარქსისა და ჰაინეს ენა, თუმცა, როცა დღის წესრიგში ბავშვებისათვის უცხო ენის სწავლების საკითხი დადგა, მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

„გერმანიასთან ომი ახალი დასრულებული იყო. ამერიკა და ბრიტანეთი ჩვენი მოკავშირეები იყვნენ. შეერთებული შტატების სამეცნიერო, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი აღარავის უტოვებდა ეჭვს, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, ყველაზე დიდ გავლენას მსოფლიო პროცესებზე სწორედ ეს სახელმწიფო მოახდენდა. შესაბამისად, მისი ენა, ინგლისური, წამყვან პოზიციას დაიკავებდა და ჩვენ - მე, გოგი და მერაბი - ინგლისურის სწავლას შევუდექით“, - იხსენებდა გელა ჩარკვიანი, რომელიც იქვე შენიშნავდა, რომ ინგლისურის სწავლა და სრულყოფა ლამის მთელი ცხოვრება გაგრძელდაო.

2015 წლის 16 ივნისს, როცა თბილისში პირველად აღნიშნეს Bloomsday - „ბლუმის დღე“, თსუ-ში გამართულ დღესასწაულზე გელა ჩარკვიანი „ულისეს“ თავისი, გვარიანად გაცრეცილი, გამომცემლობა The Bodley Head-ის მწვანე ტომით მივიდა.

„ემჩნევა კიდეც ამ წიგნს, რამდენად ღირებულია ჩემთვის, - უთხრა რადიო თავისუფლებას, - ძალიან ხშირად ვკითხულობ. რატომ? ადამიანის აზროვნების ამგვარი დინამიკა სხვა არცერთ ნაწარმოებში არ შემხვედრია“.

გამოცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი და გელა ჩარკვიანის წიგნების რედაქტორი ზვიად კვარაცხელია მიიჩნევს, რომ აუწონავია გელა ჩარკვიანის, როგორც პედაგოგის, ასევე დასავლური ღირებულებების პოპულარიზატორის როლი:

„გელა ჩარკვიანმა შეიმუშავა ინგლისური ენის სწავლების განსაკუთრებული მეთოდი, რომლის მიხედვითაც ენა არ

ზვიად კვარაცხელია
ზვიად კვარაცხელია

ისწავლება კულტურის გარეშე. ენა უნდა ისწავლო კულტურასთან ერთად, არა სსრკ-ში დაწერილი ჰიბრიდული სახელმძღვანელოებით, არამედ იმ კულტურით, რომლის საუკეთესო გამომჟღავნებელი არის ენა. სწორედ სწავლების ეს მეთოდი აღწერა თავის უკანასკნელ წიგნში „ENGLISH - როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“. რომ არა გელა ჩარკვიანის პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, ალბათ, მისი ეს გამოცდილება გაქრებოდა ისევე, როგორც გაქრა სხვა არაერთი ნიჭიერი ადამიანის არაერთი უნიკალური გამოცდილება“.

2013-2020 წლებში გელა ჩარკვიანმა ავტობიოგრაფიულ წიგნებად აქცია თავისი დღიურებისა და ჩანაწერების ათეულობით უბის წიგნაკი თუ რვეული.

„უნდა ვიყოთ ბედნიერი, რომ გელა ჩარკვიანმა თავისი უნიკალური გამოცდილება, რომელიც ნაწილობრივ ბიოგრაფიიდან გამომდინარეობდა (როგორც თვითონ აღნიშნავდა, დაიბადა ძალაუფლების ვერტიკალის მწვერვალზე მყოფი თანამდებობის პირის ოჯახში, რის გამოც კომუნისტ პრინცსაც კი ეძახდნენ), ბავშვობიდან მოყოლებული, საქართველოს ელჩობით გაგრძელებული და პირადი აპოკალიფსებით (შვილის, ირაკლი ჩარკვიანის და მეუღლის, ნანა თოიძის გარდაცვალებით) დასრულებული - ყველაფერი აღწერა და დაუტოვა მომავალი თაობების მკითხველებს“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია, რომლის თქმითაც, გელა ჩარკვიანის როლი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ისტორიის იმ საკვანძო მომენტში, როცა, გასული საუკუნის 90-იან წლებში, იწყებოდა ქვეყნის საერთაშორისო აღიარება:

„გელა ჩარკვიანი იყო საქართველოს მეორე პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ პერიოდში აწარმოებდა ყოველდღიურ ჩანაწერებს, რადგან გააზრებული ჰქონდა, რომ იყო ადამიანი, რომელიც შეესწრო ეპოქალურ მოვლენებს და, რომ ყოველი დეტალი ამ მოვლენებისა იქნებოდა საინტერესო მომავალი თაობებისთვის“.

გელა ჩარკვიანის „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ და „ნაგერალას“ ციკლი კარგად და შთამბეჭდავად ასახავს იმას, თუ როგორ დაიმკვიდრა თავისი ადგილი დამოუკიდებლობის მოსურნე საქართველომ მსოფლიო რუკაზე, როგორ ცდილობდა საქართველო განრიდებოდა რუსულ ორბიტას და დაემკვიდრებინა თავი ევროპულ ოჯახში.

საქართველოს დამოუკიდებლობა და დასავლური ტიპის თავისუფალი საზოგადოება - ეს ორი საკითხი სიცოცხლის ბოლომდე აღელვებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სადაც ხშირად აქვეყნებდა ხოლმე ფრაგმენტებს თავისი წიგნებიდან, გელა ჩარკვიანმა ახალგაზრდებს მიმართა:

„ჩვენი ახალგაზრდები ფხიზლად უნდა იყვნენ, იმისათვის რომ არ დაკარგონ ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი საზოგადოება. ისეთი არავინ უნდა წამოისკუპონ თავზე, ვინც შეძლებს საქართველო ისევ შეათრიოს სადღაც და ამ გზით გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი. ფხიზლად უნდა იყვნენ, მაგრამ, იმისთვის, რომ არ მოტყუვდნენ, უნდა იყვნენ განათლებულები. პოლიტიკოსები იოლად ატყუებენ მათ, ვინც საკმარისად განათლებული არ არის. უნდა იკითხონ რაც შეიძლება მეტი და თავის პროფესიულ ლიტერატურასთან ერთად, ვურჩევდი, კარგად შეისწავლონ ისტორია და პოლიტიკური ფილოსოფია. უნდა იცოდნენ სახელმწიფოს მოწყობის მოდელები და ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. ასე გამოუმუშავდებათ იმუნიტეტი ყოველგვარი სოციალური თუ სხვა ტიპის დემაგოგიის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენ არა მარტო შევინარჩუნებთ ჩვენს მონაპოვარს, არამედ გავზრდით და განვავითარებთ მას“.

შეიძლება ითქვას, რომ გელა ჩარკვიანს თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არცერთი მოვლენა არ გამორჩენია. 2018 წელს გამოცემული მისი წიგნი „იმდროს - 70 ამბავი“, რომელიც სსრკ-ში საქართველოს 70-წლიან ყოფნას ეძღვნება, მთავრდება 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებზე საუბრით:

„თბილისში 22 ოქტომბერს დავბრუნდი. თეონა გათხოვილი დამხვდა. რამდენიმე დღეში კი ჩატარდა არჩევნები, გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“ და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამთავრდა“.

წიგნში აღწერილი მოვლენიდან 31 წლის შემდეგ თეონა ჩარკვიანმა დაწერა:

„გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი - გელა ჩარკვიანი...“

ძნელია, არ გაიზიარო. ჩვენ ყველამ, მთელმა ქვეყანამ დავკარგეთ ჩვენი გელა ჩარკვიანი - კაცი, რომელმაც, როგორც ზვიად კვარაცხელია ამბობს, სიყვარულის, შრომის, ერთგულებისა და პროფესიონალიზმის მაგალითი გვიჩვენა ყველას; რომელმაც, მოვლენებით დახუნძლული თავისი ცხოვრების აღწერითა და ანალიზით, ასევე მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია სამშობლოს - მის ისტორიასა და კულტურას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG