Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი სააკაშვილზე: მას უნდა მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა


ბათუმში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, რომელიც ამერიკულ სამხედრო ხომალდ „მაუნთ უიტნის" ვიზიტის ფარგლებში მართავს მიღებას, პასუხობს მედიის კითხვებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. ელჩმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით განაგრძობს დაკვირვებას სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობაზე. მისივე თქმით, საელჩო ინფორმირებულია სახალხო დამცველის განცხადებების თაობაზეც იმის შესახებ, რომ იგი გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, ექსპრეზიდენტის განსათავსებლად სათანადო დაწესებულებად არ მიიჩნევს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიცით, რომ ექიმების ჯგუფმა შეაფასა მისი ჯანმრთელობა, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ არის და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. ვიცით ისიც, რომ სახალხო დამცველმა თქვა გლდანში, იმ დაწესებულებაში, სადაც ის არის გადაყვანილი, არ არის საკმარისი პირობები მისი მკურნალობისთვის.

ამიტომ მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ სააკაშვილმა მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. მოვუწოდებთ სააკაშვილსაც, მოუსმინოს და დაუჯეროს თავის ექიმებს.

ცხადია, ეს არის ძალიან სენსიტიური და ემოციური სიტუაცია და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე აკისრია ხელისუფლებას. ყოველთვის, ყველა ქვეყანაში ხელისუფლება არის პასუხისმგებელი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე", - თქვა შეერთებული შტატების ელჩმა ბათუმში მედიასთან საუბრისას.

"მას უნდა მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით. ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, იზრუნოს პატიმრების მდგომარეობაზე და დაიცვას ისინი ნებისმიერი ძალადობისგან", – განაცხადა ელჩმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმეგოდ 8 ნოემბერს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG