Accessibility links

site logo site logo

შიმშილობის ისტორიები საქართველოში


მოშიმშილე ჭიათურიდან

1988 წელს, რუსთაველის გამზირზე ხალხი კიბეებზე დასხდა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მას შემდეგ შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა, ქართველებმა არაერთხელ გამოიყენეს.

მოშიმშილეები 9 აპრილამდე

1988 წლის ნოემბერში, მთავრობოს სახლის წინ კიბეებზე 150-200 ახალგაზრდა შიმშილობდა. ისინი მოითხოვდნენ, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება მიეღო. ღია ცის ქვეშ მოშიმშილეებთან ხალხს პლედები, ლეიბები და ტანსაცმელი მიჰქონდა, მათ გასამხნევებლად კონცერტებსაც მართავდნენ.

ციოდა, ძალიან ბევრი გვეცვა, დილით რომ ვიღვიძებდი, სახეზე თრთვილი გვედო. მუდმივად ადუღებულ, ცხელ წყალს ვსვამდით. შიმშილობა რომ გადავწყვიტე, პატარა ვიყავი, წესებიც არ ვიცოდი და წინა დღეს ეკლერები და შუები ვჭამე. პირველი ორი დღე ჭირდა, მერე აღარ. შვიდი დღე ვიშიმშილე. ისეთი განწყობა გვქონდა, ქვეყანა რომ დაქცეულიყო, იქიდან ფეხს არ მოვიცვლიდით. ამ შიმშილობამ შედეგი გამოიღო, მიიღეს დადგენილება, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს კავშირის ნებაყოფლობით დატოვება შეეძლოთ. გადარეულები შევხვდით ამ ამბავს, სახლამდე ფრენით მოვედი, რა ცუდად გახდომა, არაფერი, - იხსენებს რუსუდან გაბროშვილი.

მერაბ კოსტავას 13-თვიანი შიმშილობა

უფრო ადრე იყო დისიდენტობის წლები. 1981 წელს პატიმარ მერაბ კოსტავას, რომელიც ერთ წელიწადში უნდა გათავისუფლებულიყო, პროვოკაცია მოუწყვეს და პატიმრობის ვადა 5 წლით გაუგრძელეს. ამის შემდეგ გადაიყვანეს ირკუტსკის ოლქში, ანგარსკის კოლონიაში და ციხის სამეურნეო ნაწილში სამუშაოდ გაამწესეს. ამ სახის სამუშაო ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობასაც გულისხმობდა, რის გამოც მერაბ კოსტავამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. ზოგადად გადასახლებაში ყოფნისას კოსტავამ რამდენჯერმე იშიმშილა, მათგან ყველაზე ხანგრძლივად - 13 თვე. ამ დროს მას იძულებით, ხელოვნურად კვებავდნენ. ორგანიზმში რძის, კვერცხისა და შაქრის ნაზავი სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით შეჰყავდათ.

შიმშილობის მერვე თვეს მერაბ კოსტავამ დაწერა ვრცელი პოემა, რომელსაც ასევე დაარქვა - „შიმშილობა“.

წუხხარ რატომღაც არ მოდის რული, წევხარ გამხდარი და გალეული,

აქეთ ნახევრად ამოხდილ სულით, იქით ერთთავად ჩონჩხადქცეული...

... ისევ წვალება, ისევ წუხილი, გამოსაცდელად ჩემდა წვეული,

სიკვდილის პირად ვიყავ წუხელის, მაგრამ გაბრუნდა, მომწყდა ძლეული.

ბუნების წესებს არ მოხედავენ, ეგზომ უშუალოდ ჩვენში რომ იშვის

და ხელოვნურად ვისაც კვებავენ, შეუნელებელს განიცდის შიმშილს...

შიმშილობების სერია 2003 წელს

2003 საპარლამენტო არჩევნების წელი იყო და ეს პოლიტიკურ მოვლენებზეც აისახა. 15 ციხიდან 11-ში პატიმრებს შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული. მათი მოთხოვნა დამოუკიდებელი კომისიის შექმნა და პატიმრების საქმეების გადახედვა იყო.

შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის რამდენიმე წევრს. ისინი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და მისი ლიდერის თამაზ ნადარეიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.

2003 წელსვე დევნილების ნაწილი კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანასა და გაეროს წესდების მე-7 მუხლის ამოქმედებას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მთავრობას გაეროს წესდების მეშვიდე მუხლის ასამოქმედებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაავალა, დევნილებმა შიმშილობა შეწყვიტეს. თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ამ მუხლის ამოქმედება საშუალებას მისცემდათ გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში დამნაშავები პირები გაესამართლებინათ.

შიმშილობა პენსიების გამო

2003 წელსვე „ნაციონალური მოძრაობის“ 7 წევრი თბილისში იუსტიციის სამინისტროს შენობაში დაჯდა საშიმშილოდ. ისინი 1998-99 წლების პენსიების დარიგებას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ მხარდასაჭერად შიმშილობა რეგიონებშიც დაიწყეს. „მათ მხოლოდ გახდომა სურთ“, - თქვა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მოგვიანებით მან მოსამართლეებსაც მიმართა, პენსიონერების სარჩელები არ მიიღოთო.

„რახან ასეთი პრეცედენტი შეიქმნა და სასამართლომ გადაწყვიტა პენსიების დავალიანების გაცემა, ახლა ყველა პენსიონერი დაიწყებს სირბილს. არ უნდა მოხდეს სარჩელების განხილვა, მოსამართლეები ჩემი დანიშნულია და მორალური უფლება მაქვს, მოვთხოვო მათ ასეთი რამ, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სტუდენტები ლომაიას წინააღმდეგ

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება საქართველოში განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ლომაიას უკავშირდება. თუმცა რეფორმას 2005 წელს სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების შიმშილობა მოჰყვა. ისინი მოითხოვდნენ დაბრუნებოდათ პრივილეგია, რომელიც მათ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაბარების უფლებას აძლევდა. პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. გამონაკლისის დაშვებით სამინისტრო გახსნის იმ კარს, რომელსაც ვეღარასოდეს დახურავს, - თქვა მაშინ ალექსანდრე ლომაიამ.

შიმშილობა ნინო ბურჯანაძის მისაღებში

2008 წელს ოპოზიციის წევრებმა ფართომასშტაბიანი შიმშილობა წამოიწყეს. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. 50 ადამიანიდან ზოგი პარლამენტის შენობის წინ იწვა, ზოგი - ნინო ბურჯანაძის მისაღებში, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მოშიმშილეები ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის პირობების შექმნას და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააპატიმრეს. ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით ოპოზიციას 17-პუნქტიანი მემორანდუმი ჰქონდა შედგენილი, რომელსაც ხელი პროტესტის მონაწილეებმა მოაწერეს.

შიმშილობის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები, 2008 წელი
შიმშილობის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები, 2008 წელი

შიმშილობის აქციას თან ერთვოდა მიტინგები და საპროტესტო გამოსვლები. აქცია დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. მას პერიოდულად უერთდებოდნენ სხვადასხვა პარტიის წევრები ან პირიქით აკლდებოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

შიმშილობა ტელევიზორისთვის

2013 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა, შიმშილობა გამოაცხადა, ის მისთვის საკანში ტელევიზორის მიტანას მოითხოვდა.

ვამო მერაბიშვილი სასამართლოში, 2013 წელი
ვამო მერაბიშვილი სასამართლოში, 2013 წელი

გეგუთი

2014 წელს გეგუთის ციხეში ასობით პატიმარმა დაიწყო შიმშილობა. ისინი პატიმრების ცემის ფაქტების გამოძიებას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმა, რომ მოშიმშილეების წინააღმდეგ ციხეში სპეცრაზმის შეყვანა იგეგმებოდა, აქციის ათობით მონაწილემ თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც 17 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა გიორგი ლაბაძემ, რომელიც გეგუთის ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ თვითდაზიანება 50-მდე პატიმარმა მიიყენა.

გამსახურდიების შიმშილობა

2018 წლის დეკემბერში, პროკურატურის წინ შიმშილობა გამოაცხადეს ზვიად გამსახურდიას შვილებმა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა. ისინი ითხოვდნენ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებასა და ორგანული კანონის ისე შეცვლას, რომ ხანდაზმულობის ვადა პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებზე არ გავრცელებულიყო.

13 დღის შემდეგ მათ მიიღეს დაპირება, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნებოდა, რაც შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

პროტესტი ჭიათურაში

2019 წელს შიმშილობა გამოაცხადეს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა. მაღაროელები ხელფასების გაზრდას, კვებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ასევე ითხოვდნენ, აკრძალულიყო მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილება.

უკვე 2021 წელს ჭიათურაში ისევ განახლდა საპროტესტო აქციები. რამდენიმე ადგილობრივმა კი პირიც ამოიკერა. სოფელ შუქუთის მოსახლეობის ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა გარემოზე უარყოფითად აისახებოდა და მათი სახლების ნგრევას იწვევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG