Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია ამბობს, რომ სრულიად შეფუთული შევიდა ციხეში, თუმცა პატიმრები მის გვარსაც სკანდირებდნენ


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ „ფორმულის" ეთერში ილაპარაკა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. როგორც ის ამბობს, ციხეში შესვლის დროს პატიმრები მის სახელსაც სკანდირებდნენ.

„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული და კოორდინირებული. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა: სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში. რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ შევიდოდი მანქანიდან მე-18 დაწესებულებაში, ალბათ და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. რა თქმა უნდა, ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული ან წინასწარ ორგანიზებული", - თქვა ლომჯარიამ.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ პატიმრები ყოფილ პრეზიდენტს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

„არის სააკაშვილის დედის გინება და უმძიმესი ტექსტები - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გიული ალასანია რომ მოვიდეს ან მისი შვილები, როგორ უნდა გაიარონ ეს გზა. ასევე ადვოკატებისთვისაც არ არის მარტივი. ადვოკატი ამ სტრესის მერე რომ შედის მის დასაცავ პირთან, რომელიც ასევე სტრესია, თვითონაც სტრესი შეაქვს, ქვეითდება მისი პროფესიული შესაძლებლობები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჯოჯოხეთის გავლას ჰგავს მათთვის, ვინც ამას მიუჩვეველია. პლიუს ამას, პალატაში ეს ხმა სულ ისმის და სააკაშვილი იძულებულია ტელევიზორის ხმას ბოლომდე აუწიოს. ეს არის უწყვეტი, მუდმივადაა ხმაური, ღამის განმავლობაშიც. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ამყოფებენ სააკაშვილს", - თქვა გვარამიამ.

8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს" უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.

XS
SM
MD
LG