Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: სააკაშვილის გლდანში გადაყვანით სახელმწიფომ დაარღვია ღირსების პატივისცემის ვალდებულება


სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში. ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან გლდანის მე-18 დაწესებულებაში 8 ნოემბერს განხორციელებულ ვიზიტს კიდევ ერთხელ აჯამებს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

სახალხო დამცველი რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია N18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ვინაიდან N12 დაწესებულებაში შეატყობინეს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, რასაც იგი დათანხმდა.
  • სახალხო დამცველთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ იგი, მისი უარის მიუხედავად, ძალის გამოყენებით შეასახლეს N18 დაწესებულებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. კერძოდ, N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას შეურაცხყოფის ხმები დააფიქსირეს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა. მაღალი ალბათობით, მსგავსი ვითარება გაგრძელდება და ანალოგიურ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან.
  • სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ, N18 დაწესებულებაში შეტანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. თუმცა, აპარატი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამასთან, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.

სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე არსებული ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო.

ომბუდსმენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სააკაშვილი კვლავ აგრძელებს შიმშილობას, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია იმედს უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით თბილისში დღეს აქციებია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG