Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის წერილი: „გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში"


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, ბრიფინგზე წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი.

ყოფილი პრეზიდენტი აღწერს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას გადაყვანის დროს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდით. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი „ჟრიამული“ და არ შეწყვეტილა ეს „ჟრიამული“ ამ წუთამდე. ხოლო, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა: „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაიგდეთ ხელში“. და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე, - წერს სააკაშვილი და განაგრძობს, - შემდეგ, გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად, ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე, როგორც პალატაში, სადაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც, ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ შეურაცხყოფის და ძალადობის შემდეგ, აღელვებით. ყველანი იქცეოდნენ, როგორც ნამდვილი კრიმინალები“.

ყოფილი პრეზიდენტი შენიშნავს, რომ მის საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა.

მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე და არ თანამშრომლობს სამედიცინო პერსონალთან. ის მხოლოდ პირად ექიმთან შეხვედრას გეგმავს.

ექსპრეზიდენტი მისი გადაყვანის მიზნის შესახებაც მიუთითებს:

„აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება, პუტინის დაკვეთით. მინდა არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ. მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. უნდა ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდა ხელში, მაგრამ დაღუპვის პირასაა“, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ყოფილი პრეზიდენტი მიმართავს ემიგრაციას. „ახლა არის მომენტი აჩუქოთ საქართველოს ერთი, ან თუნდაც რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის. არ შეგვეშინდეს ამათი. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალნი ვართ. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი“, - წერს ის.

წერილის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას. „ვიზიარებ და სრულიად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას, გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის“.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს შეწყალების აქტის გამოცემის გამო, რამაც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულთა სასჯელის შემსუბუქებაც გამოიწვია და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია"იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, რომლის ბინაშიც დააკავა 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG