Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. 2021 წლის 10 ნოემბერი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. 2021 წლის 10 ნოემბერი

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე. სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზებად დასახელებულია ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი მისი ჯანმრთელობისთვის“.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება ეფუძნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას და ამ სამსახურის მიერ ოქტომბრის ბოლოს საჯაროდ გავრცელებულ განცხადებას, რომ „იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს".

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ასეთი ქმედებები შესაძლოა, ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებითვე, "ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი. სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის".

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა", - ნათქვამია ამ უწყების მიერ დღეს, 10 ნოემბერს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დანიშნულ სხდომაზე განიხილება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმე, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება გლდანში, პენიტენციური სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც 8 ნოემბერს გადაიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან. ამის მიზეზად სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს. მის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის გამოძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან პენიტენციური სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და გარდა ამისა, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

თვითმმართველობის არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ერთი თვეა მოითხოვს მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში. საქართველოს ხელისუფლება ამაზე თავიდანვე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდებოდა მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. ამას ეწინააღმდეგებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი ადვოკატების თანახმად, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ უსაფრთხოების დაცვაც.

მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG