Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტ მიკალაი ძიადოკს მინსკის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა


მიკალაი ძიადოკი
მიკალაი ძიადოკი

ბელარუსის ანარქისტული მოძრაობის აქტივისტ მიკალაი ძიადოკს მინსკის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან შარშანდელ საპროტესტო გამოსვლებში, რომლებიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მინსკის საქალაქო სასამართლომ 10 ნოემბერს გამოაცხადა განაჩენი მას შემდეგ, რაც ძიადოკი დამნაშავედ ცნო აქციის ორგანიზებაში, რომელმაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე მოწოდებებში, რომლებიც ძირს უთხრის სახელმწიფოს უსაფრთხოებას.

თავად აქტივისტი ყველა ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ საქმეს უწოდებს „დევნას მისი შეხედულებებისა და სურვილისთვის, ილაპარაკოს სიმართლე“.

მიკალაი ძიადოკი, რომელიც გაზეთ „ნოვი ჩასთან“ თანამშრომლობდა, შარშან ნოემბერში დააპატიმრეს. ის აქტიურად უჭერდა მხარს ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს.

ეს არ არის მის წინააღმდეგ აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმე. 2011 წელს ძიადოკს ოთხნახევარი წლით პატიმრობა მიესაჯა ხულიგნობის ბრალდებით. მას არც მაშინ უღიარებია დანაშაული, ბელარუსის უფლებადამცველებმა კი ის პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს.

2015 წლის თებერვალში ძიადოკს ერთი წლით გაუხანგრძლივეს პატიმრობა. მას ბრალად დასდეს კოლონიის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა. რამდენიმე თვის შემდეგ აქტივისტი მოულოდნელად გაათავისუფლეს რამდენიმე სხვა პოლიტპატიმართან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG