Accessibility links

site logo site logo

სასმელი წყლის გარეშე დარჩა ცხინვალის დიდი ნაწილი


ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის დიდი ნაწილი, ძირითადად, ქალაქის ცენტრი და მიმდებარე რაიონები, სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი კი ედისი-ცხინვალის წყალსადენზე მომხდარი ავარიაა. ამის შესახებ ოსურ მედიას წყალმომარაგების კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, ინგა ჯიოევამ უთხრა. მისი თქმით, ადგილზე უკვე გავიდნენ სპეციალისტები, რომლებიც მაგისტრალურ წყალსადენს შეაკეთებენ.

„ედისი-ცხინვალის მაგისტრალურ ხაზზე მომხდარი ავარიის შედეგად ცხინვალის ნაწილი წყლის გარეშეა დარჩენილი, „ვოდოკანალის“ თანამშრომლები დედაქალაქის წყალმომარაგების აღდგენაზე უკვე მუშაობენ“, - განაცხადა ჯიოევამ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს წყალი მიეწოდება ორი მაგისტრალური მილსადენით - ედისი-ცხინვალის და ვანათი-ცხინვალის წყალსადენებით. ვანათი-ცხინვალის წყალსადენის აღდგენა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ექსპლუატაციაში 2021 წელს შევიდა, რეგიონის წყლის პრობლემის მოსაგვარებლად და მისი უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.

სოფელი ვანათი 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელი საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს, საიდანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილად იქცა. 2008 წლის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ ვანათის წყალსადენი ჯერ გადაკეტა, რის გამოც ქართულ სოფლებს წყლის მიწოდება შეუწყდა, მოგვიანებით, დე ფაქტო ხელისუფლებამ წყალსადენი აღადგინა და ახლა ამ წყალსადენიდან წამოსული წყალი, მხოლოდ ოკუპირებულ სოფლებს და ცხინვალს მიეწოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG