Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები აქებენ მოლდოვას და აკრიტიკებენ საქართველოს და უკრაინას


საქართველოსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. საარქივო ფოტო
საქართველოსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. საარქივო ფოტო

11 ნოემბერს გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის კარსმომდგარი სამიტის შესახებ და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ აირჩიონ დიფერენცირებული მიდგომა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც უფრო მეტი წინსვლა აქვთ რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ასოცირებულ ტრიოზე, რომელშიც გაერთიანებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის სამი დაწინაურებული ქვეყანა - მოლდოვა, საქართველო და უკრაინა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 15 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართება. მასზე მიიღებენ დეკლარაციას, რომელშიც, სავარაუდოდ, შესაძლოა აღარ იყოს „პარტნიორობის ტრიო“, სამი დაწინაურებული ქვეყანა: მოლდოვა, საქართველო და უკრაინა.

„როდესაც ამ საკითხზე შარშან ვმსჯელობდით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ასოცირებული წევრების მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამჟამად ასოცირებულ ტრიოშიც შეიცვალა ვითარება და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ შეგვიძლია ტრიოს კონცეფციის იმგვარადვე შენარჩუნება, როგორც ეს იყო ერთი წლის წინ. ვფიქრობ, რომ სიტუაცია საქართველოსა და უკრაინაში არ გაუმჯობესებულა უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგრამ პარადოქსულია, რომ მოლდოვა, რომელსაც ჰყავს ძალიან პროევროპელი პრეზიდენტი, ახლა უფრო უკეთესად გამოიყურება პროდასავლური ორიენტაციისა და რეფორმების მხრივ. ალბათ საჭიროა შესაძლებლობის გამონახვა, რომ შეიქმნას უკეთესი პროგრამები მოლდოვისთვის და შევინარჩუნოთ ევროკავშირსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის ასეთი წინსვლა“, - განაცხადა ევრონესტის წევრმა რადოსლავ შიკორსკიმ, პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროპარლამენტარი ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვა, მიიჩნევს, რომ თავის ანგარიშში ევროპარლამენტმა მკაფიოდ უნდა გაითვალისწინოს „ასოცირებული ტრიოს“ შიგნით მომხდარი ცვლილება, კერძოდ დემოკრატიის დაღმასვლა საქართველოში.

„თუ ავიღებთ თუნდაც საქართველოს მაგალითს, დემოკრატიის კუთხით ამ ქვეყანაში ბოლო თვეებში და ბოლო წელს საშინელ უკუსვლას აქვს ადგილი. მე ვფიქრობ, რომ ანგარიშში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოში კანონის უზენაესობის აღდგენისა და დემოკრატიის შემდგომი უკუსვლის პრევენციაზე“, - განაცხადა გრეგოროვამ.

გერმანელ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის აზრით, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ის ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, შორს არიან ევროკავშირში გაწევრიანებისგან. თუმცა ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ამ ქვეყნებს აღმოსავლეთის პარტნიორის პროგრამის გარდა, უფრო ფართო ეკონომიკური ინტეგრაცია უნდა შესთავაზოს მას შემდეგ, რაც ევროკომისია კიდევ ერთხელ შეაფასებს ამ ქვეყნების მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების კრიტერიუმებს.

„მეორე მხრივ, მე ვხედავ სულ უფრო ნაკლებ ინტერესს უკრაინის და საქართველოს მმართველი ელიტების მხრიდან, რასაც არც კი ვიცი, თუ რა უნდა მოვუხერხოთ. ზელენსკი საგარეო პოლიტიკაში ისევეა დამოკიდებული თურქეთზე, როგორც ევროინტეგრაციაზე. იგი ცდილობს განავითაროს სავაჭრო კავშირ-ურთიერთობები ჩინეთთან, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოც სულ უფრო პრობლემატური გახდა ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში. და მე არ ვიცი, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას. მათი დაჯილდოებით ამას ნამდვილად ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ გააცნობიერეს, თუ რას ნიშნავს მათრახი, რაც, ჩემი აზრით, მათ აქამდე არ ესმოდათ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის.

პროევროპული რეფორმების გამო მოლდოვას უფრო იმედისმომცემად მიიჩნევს პეტრას აუშტრევიჩიუსი, ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან. თუმცა იგიც იზიარებს მოსაზრებას, რომ უკვე არსებული ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების გარდა, აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს უნდა მიეცეთ უფრო ფართო საშუალება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის. „მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს არ მოხდება ერთ დღეში. ეს მოითხოვს ამ ასოცირებული ქვეყნების მხრიდან მრავალი სფეროს რეფორმირებას“, - განაცხადა შიკორსკიმ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ეს არის ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთის პარტნიორების საპარლამენტო ორგანიზაცია.
ევრონესტის ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპარლამენტის, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად მართავს ამგვარ შეხვედრებს პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო კონსულტაციებისთვის.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს დამტკიცდა ევროკავშირთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის - ისევე როგორც ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის - დაახლოების მიზნით, მაგრამ მომავალი წევრობის მკაფიო შეთავაზების გარეშე.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მას მერე ევროკავშირთან გააფორმეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG