Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის შესახებ ესაუბრა პრემიერ ღარიბაშვილს


ფოტო არქივიდან: ვოლოდიმირ ზელენსკი და ირაკლი ღარიბაშვილი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი დააყენა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას.

ზელენსკის პრესსამსახურის მიერ დღეს, 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა დასვა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი და ხაზი გაუსვა, რომ ეს უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაუშვებელია უკრაინის მოქალაქის მიმართ იძულების არაპროპორციული ზომების გამოყენება. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობითვე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილთან მისი დედის და ახლობლების დაშვების აუცილებლობაზე და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვა უკრაინელი ექიმების მიერ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობის განხილვა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების კანონიერ უფლებებს და ინტერესებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც.

11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG