Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუბა კიკაბიძე: მე ვუთხარი ზელენსკის, რომ შენ უნდა წაიყვანო სააკაშვილი-მეთქი


ვახტანგ კიკაბიძე. თბილისი, 2020 წლის 29 ოქტომბერი
ვახტანგ კიკაბიძე. თბილისი, 2020 წლის 29 ოქტომბერი

ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი, ბუბა კიკაბიძე, 11 ნოემბერს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის უკან, უკრაინაში დაბრუნება სთხოვა.

„ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ასეთ რამეზე დამჭირდებოდა მაგასთან მისვლა. მას ძალიან გაუხარდა ჩემი ჩასვლა. მე მას ვუთხარი, რომ შენ უნდა წაიყვანო ეგ (სააკაშვილი). თორემ მანამ თქვენ ამ საკითხს თავს მოაბამთ, ის (სააკაშვილი) შეიძლება იქ მოკლან-მეთქი“, - ამბობს ბუბა კიკაბიძე, რომელსაც რადიო თავისუფლებამ კიევში დაურეკა.

ბუბა კიკაბიძესთან ინტერვიუ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:28 0:00
გადმოწერა

ბუბა კიკაბიძე: ძალიან კარგად მიმიღო. თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოვუყევი. მე ვკითხე, ბრძოლა წესების გარეშე გიყვარს-მეთქი? კიო. ჩამოდით-მეთქი თბილისში და ნამდვილ ბრძოლას წესების გარეშე განახებთ-მეთქი. ყველა სოფელს და ქალაქს მოგატარებთ, სადაც ურტყამენ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს. გუშინ კიდევ 60 კაცი დააკავეს, წამდაუწუმ არის ატეხილი ცემა-ტყეპა-მეთქი. ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი, შენ ხომ ხარ, კაცო, უკრაინის პრეზიდენტი, ჰოდა, ეს (სააკაშვილი) შენი მოქალაქეა და შენ ის უნდა წაიყვანო. იმიტომ, რომ მანამ თქვენ ამას თავს მოაბამთ, ის (სააკაშვილი) იქ შეიძლება მოკლან-მეთქი. აი, ეგეთი ლაპარაკი იყო და იმ წუთშივე, საღამოს უკვე დაიწყო ტელეფონით ლაპარაკი საქართველოსთან და მიუსია ხალხი. ეგეთი ამბავი, რა.

კობა ლიკლიკაძე: თავად ზელენსკის უნდა, რომ დააბრუნოს სააკაშვილი?

ბუბა კიკაბიძე: იცი რა, მე ეგეც ვუთხარი... მე ვუთხარი, დააბრუნე და მერე ერთმანეთში გაარკვიეთ, გინდათ, თქვენთან იყოს თუ - არა. მთავარია, რომ (სააკაშვილი) სიკვდილს გადავარჩინოთ-მეთქი. მე ვუთხარი, რომ ოჯახის ახლობელი ვარ და ჩამოვედი, რომ ეგ გითხრათ, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა-მეთქი და ყველაფერი მოვუყევი, რაც (საქართველოში) ხდება. ეგ (ზელენსკი) კაი ბიჭია, მაგას იქაც აწვებიან თავის იმაში, ქვეყანაში, მაგრამ, როგორც კი მითხრა ჰო, ორ საათში დაიწყო ამაზე მუშაობა.

კობა ლიკლიკაძე: აქამდე 40 დღე ისე გავიდა, რომ ზელენსკის არაფერი უთქვამს, რაც ყველას გაკვირვებას იწვევდა.

ბუბა კიკაბიძე: დააგვიანდა, ბიჭო... ჰოდა, მე გარდონს (ჟურნალისტი დმიტრი გორდონი) რომ ველაპარაკე, - ჩემთან იყო დიმა, - იმან თქვა, ხმას არავინ იღებს მიშაზეო და მე მგონი, არაფერი არ ხდებაო. მიშას იქ (უკრაინაში) დიდი ოპოზიცია ჰყავს, იმიტომ რომ ეს მდიდარი ხალხი ყველა მაგის წინააღმდეგია. ვის სჭირდება ფულის დაკარგვა და ისა. ჰოდა, ეგრე იყო, რა.

კობა ლიკლიკაძე: მიხეილ სააკაშვილს უნდა უკან უკრაინაში წასვლა? როგორ უნდა მოხდეს ეს?

ბუბა კიკაბიძე: იცი რა არის, ალბათ უნდა, იმიტომ რომ შენ ნახე გადაღებული კადრები, რას უშვრებოდნენ (ციხეში)? რომ მიათრევდნენ.

კობა ლიკლიკაძე: კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვნახე. სატელიტი მუშაობს.

ბუბა კიკაბიძე: ესენი თუ არ წავიდნენ მანდედან (ხელისუფლებიდან), საერთოდ მაშინ საქართველოდან უნდა წახვიდე კაცი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა უკვე ვეღარ ამოძვრება უბედურებიდან, მაგ ჭაობიდან.

კობა ლიკლიკაძე: როგორც გავიგე, ბატონო ბუბა, მაგ სათხოვრით საქართველოს ხელისუფლებასთან არ მიხვალ, როგორც ზელენსკისთან მიხვედი?

ბუბა კიკაბიძე: არა, კაცო! მაგათ არ ვეკარები!

  • 11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი დააყენა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას. ზელენსკის პრესსამსახურის მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა დასვა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი და ხაზი გაუსვა, რომ ეს უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
  • ზელენსკი-ღარიბაშვილის ამ სატელეფონო საუბრის შესახებ მოგვიანებით საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა საკუთარი ვერსია, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა „მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია“.
  • რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნას, განხილული იყოს შესაძლებლობა, რომ უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ.
  • უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც დღემდე იმყოფება. ის დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG