Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკ კარტერი: შეცდომას შეიძლება რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი მოჰყვეს


ნიკ კარტერი

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი რანგის ოფიცერი ომის ხასიათის ცვლაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არსებობს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხე არასწორი გაანგარიშებისა, რომელმაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

გენერალმა ნიკ კარტერმა განაცხადა, რომ ავტორიტარი მოწინააღმდეგეები მზად არიან, ნებისმიერი მეთოდი - მათ შორის მიგრანტები, გაზის ფასები, მოკავშირეები ან კიბერთავდასხმები - გამოიყენონ საერთაშორისო არენაზე საკუთარი მიზნების მისაღწევად.

ამ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გარეშე იმის დიდი საფრთხე არსებობს, რომ ამ ესკალაციებს ან ამ ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს გათვლაში შეცდომები... ასე რომ, ჩემი აზრით, ესაა ნამდვილი დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც გვიწევს დგომა...

Times Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 14 ნოემბერს გადაიცემა ეთერით, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა ნიკ კარტერმა თქვა, რომ „ტრადიციული დიპლომატიური ინსტრუმენტები და მექანიზმები“, რომლებიც ცივი ომისა და აშშ-ის ერთპოლუსიანი დომინირების დროს გამოიყენებოდა, წარსულს ჩაბარდა.

„ამ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გარეშე იმის დიდი საფრთხე არსებობს, რომ ამ ესკალაციებს ან ამ ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს გათვლაში შეცდომები,“ თქვა მან. „ასე რომ, ჩემი აზრით, ესაა ნამდვილი დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც გვიწევს დგომა.“

მისი კომენტარების ფონია დიდი დაძაბულობა ევროკავშირის წევრ პოლონეთსა და ბელარუსს შორის საზღვარზე, სადაც გასულ კვირაში მინსკის მოკავშირე რუსეთმა პატრულირება დაიწყო ბომბდამშენით, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარების უნარი შესწევს. ამასობაში ევროკავშირში შესვლის იმედის მქონე ათასობით მიგრანტია საზღვართან მომწყვდეული.

ეს ვითარება ასევე პირდაპირ ასახავს მოსკოვსა და ნატოს შორის დაძაბულობას უკრაინის გამო, სადაც რუსეთის მხარდაჭერის მოქმედი სეპარატისტები შვიდი წელია ებრძვიან ცენტრალურ ხელისუფლებას, და შავი ზღვის რეგიონის გამო, რომელშიც შედის 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული.

ამავე დროს რუსეთის დაქირავებული სამხედროები იბრძვიან ცენტრალურ აფრიკაში, რუსეთის დაზვერვას ბრალს სდებენ გახმაურებულ მკვლელობებში, ბელარუსი დაიმუქრა, რომ შეაჩერებს რუსეთიდან დასავლეთისკენ გაზის დენას და უკანასკნელ წლებში რუსეთის უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებულ ჯგუფებს ბრალს სდებდნენ დასავლეთის სამიზნეებზე კიბერთავდასხმებზე.

„ომის ხასიათი შეიცვალა“, უთხრა კარტერმა Times Radio-ს.

„ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ დავუშვათ, რომ ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსის მებრძოლმა ხასიათმა მიგვიყვანოს ისეთ ვითარებამდე, როცა ესკალაცია შეცდომებს იწვევს,“ დასძინა მან.

როგორც იტყობინებიან, ბრიტანეთის Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლებმა რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი გადაიტაცეს და დიდი ბრიტანეთის ინტერესის სფეროდან გაიყვანეს ისინი 12 ნოემბერს. ამავე დროს ლონდონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი განათავსა პოლონეთის საზღვარზე პოტენციური „საინჟინრო დახმარებისთვის“.

ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ დავუშვათ, რომ ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსის მებრძოლმა ხასიათმა მიგვიყვანოს ისეთ ვითარებამდე, როცა ესკალაცია შეცდომებს იწვევს...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 13 ნოემბერს შავ ზღვაში აშშ-სა და ნატოს მოქმედებებს „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა რუსეთისთვის, რომელიც დამატებით საზღაო უფლებებზე აცხადებს პრეტენზიებს მას მერე, რაც ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს.

პუტინის განცხადებით კრემლი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მეორედ გამოეხმაურა შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის სამხედრო ყოფნას და ვაშინგტონს დაძაბულობის ესკალაციაში დასდო ბრალი მაშინ, როცა აშშ ევროპელ მოკავშირეებს აფრთხილებს რუსეთის შესაძლო თავდასხმის რისკების თაობაზე.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასულ კვირაში განგაში ატეხეს რუსეთის მოქმედებებზე უკრაინის საზღვართან, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ შვიდწლიანი კონფლიქტის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG