Accessibility links

site logo site logo

ამერიკისგან რუსეთისთვის „სილის გაწვნა“: აშშ-ის სამხედრო გემები შავ ზღვაში


ნოემბერში აშშ-ისა და ნატოს მისამართით კვლავ გაისმა მორიგი ბრალდებები. მოსკოვი ალიანსს „პროვოკაციაში“ ადანაშაულებს შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების შესვლის გამო. ნატოში აცხადებენ, რომ საქმე ეხება რეგიონში სამხედრო გემების გეგმურ შესვლას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რაში მდგომარეობს რუსეთის პრეტენზიების არსი?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი „მართლა შეშფოთებული იმით, რაც ხდება შავი ზღვის რეგიონში“. მისი სიტყვებით, შავ ზღვაში „იზრდება შეტაკების რისკი“.

ეს ცეცხლთან თამაშია, ესაა მცდელობა, გამოცადო ჩვენი სიმტკიცე.
სერგეი რიაბკოვი

„ეს უწყვეტი პროვოკაციები, რომლებსაც ახორციელებენ შეერთებული შტატები, ნატოში მათი მოკავშირეები და ამ სახელმწიფოების ზოგიერთი კლიენტი რეგიონში. ეს ცეცხლთან თამაშია, ესაა მცდელობა, გამოცადონ ჩვენი სიმტკიცე, მოჰყავს ტასს რიაბკოვის სიტყვები.

ამ განცხადებამ გაიჟღერა შავ ზღვაში იმ ამერიკული სამხედრო ხომალდების გადაადგილების ფონზე, რომლებიც ახლახან შევიდნენ ბათუმის პორტში, მანამდე კი ორმხრივი წვრთნები ჩაატარეს ბულგარეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებთან ერთად.

შავ ზღვაში ამერიკის სამხედრო ხომალდების მორიგ შესვლაზე რუსეთის რეაქცია გამოიხატებოდა სამხედრო სწავლებების ჩატარებასა და რუსეთის მაღალი რანგის მოხელეების მკვეთრ განცხადებებში.

2 ნოემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იტყობინებოდა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სანაპირო კომპლექსებმა „ბალმა“ და „ბასტიონმა“ სწავლება ჩაატარეს და დაამუშავეს „საზღვაო სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმები“. შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურის თანახმად, რუსეთის სამხედროებმა „დაამუშავეს პირობითი მოწინააღმდეგის გემების დაჯგუფებაზე სინქრონული დარტყმების მიყენებისთვის საჭირო მოქმედებების ალგორითმი რაკეტების ელექტრონული გაშვებით.“

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სწავლება ყირიმში
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სწავლება ყირიმში

მაგრამ რუსეთმა ჯერ კიდევ სამხედრო წვრთნის ჩატარებამდე გადაკეტა შავი და აზოვის ზღვების აკვატორიების დიდი მონაკვეთები. ეს მოხდა მაშინვე, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სამხედრო გემები შავი ზღვისკენ მიემართებიან. ამას ყურადღება მიაქცია „შავი ზღვის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის“ სამონიტორინგო ჯგუფის ხელმძღვანელმა და პორტალ BlackSeaNews-ის მთავარმა რედაქტორმა ანდრეი კლიმენკომ. მისი სიტყვებით, რუსეთმა წინასწარ იცოდა ამერიკელი სამხედრო მეზღვაურების მიზნების შესახებ, ვინაიდან ამ უკანასკნელთ, მონტროს კონვენციის შესაბამისად, საკუთარი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს თურქეთს.

„რუსეთი ემზადებოდა ამ შეხვედრისთვის, 29 ოქტომბერს მან შექმნა, როგორც საზღვაო ექსპერტები ხუმრობენ, მანერჰაიმის ხაზი: აკვატორიაში ჩაკეტილი ზონების ჯაჭვი, სადაც აკრძალულია გემების მიმოსვლა. ის გრძელდება ტარხანტუკის კონცხიდან ყირიმის მთელი სანაპიროს გასწვრივ, ქერჩის სრუტემდე და უფრო შორს, სოჭის მიმართულებით,“ ამბობს კლიმენკო.

ეს გახლავთ თითქმის გამუდმებული მცდელობა, შეგვამოწმონ, შეამოწმონ, რამდენად მზად ვართ.
სერგეი შოიგუ

ექსპერტის თქმით, სინამდვილეში რუსეთმა შავი ზღვის აკვატორია მიმოსვლისთვის ჯერ კიდევ ადრე ჩაკეტა: 2021 წლის 16 აპრილს, როცა ისტორიაში პირველად გადაკეტა ქერჩის სრუტის მისასვლელები. ეს შეზღუდვა უპრეცედენტო იყო თავისი ხანგრძლივობით და გაგრძელდა 31 ოქტომბრამდე, ანუ ექვს-ნახევარი თვე. მაგრამ ამის შემდეგ მოსკოვმა ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო გემებისთვის აკრძალვა გააგრძელა 15 ნოემბრამდე, ანუ შავ ზღვაში ამერიკის სამხედრო გემების ყოფნის ბლომდე.

4 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრი იტყობინებოდა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაიწყო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემის, USS Mount Whitney-ის შავ ზღვაში გადაადგილებაზე დაკვირვება.

7 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შავ ზღვაში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სამხედრო გემების შესვლას „პროვოკაცია“ უწოდა.

„იცით, ეს გახლავთ თითქმის გამუდმებული მცდელობა, შეგვამოწმონ, შეამოწმონ, რამდენად მზად ვართ, რამდენად აწყობილია მთელი ჩვენი სისტემა შავიზღვისპირა სანაპიროს გასწვრივ, საერთოდ ჩვენი ქვეყნის სამხრეთში. [აშშ] ამაში მარტო არ არის, ასეთ შემოწმებებსა და ასეთ ლაშქრობებში,“ თქვა შოიგუმ „როსია-1“-ის ტელევიზიით გამოსვლაში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

იმავე დღეს რუსეთში გამოაცხადეს ახალი სამხედრო სწავლების შესახებ: შავი ზღვის ფლოტის ფრეგატი „ადმირალი ესენი“ შავ ზღვაში წვრთნისას ამუშავებდა მოქმედებებს პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო ჯგუფის წინააღმდეგ.

8 ნოემბერს რუსეთის ნავსაწინააღმდეგო გემების, „ეისკისა“ და „კასიმოვის“ და დიზელის წყალქვეშა ნავის ეკიპაჟებმა შავ ზღვაში სწავლება ჩაატარეს: „განახორციელეს წყალქვეშა ნავის ძებნა ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენ Ка-27М-ის ეკიპაჟთან ურთიერთმოქმედებაში და დარტყმა მიაყენეს წყალქვეშა სამიზნეს, გამოიყენეს რა ტორპედოები და სარაკეტო შეიარაღება“.

ნატოსთან ურთიერთობებში რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მიეჩვია ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზადებას.
სერგეი ლავროვი

იმავე დღეს, 8 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნატოს სწავლებები განპირობებულია „აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სწრაფვით, გააძლიერონ რუსეთის შეკავების პოლიტიკა“. მან ასევე თქვა, რომ „ნატოსთან ურთიერთობებში რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მიეჩვია ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზადებას.“

როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტი აცხადებს, აშშ-ის სამხედრო გემები „რეგულარულად მუშაობენ შავ ზღვაში“ და ურთიერთმოქმედებენ მოკავშირეებთან და ნატოელ პარტნიორებთან - მათ შორის თურქეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან.

ანდრეი კლიმენკო
ანდრეი კლიმენკო

ანდრეი კლიმენკო აღნიშნავს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წელს შავი ზღვის რეგიონში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო გემების გადაადგილება უკიდურესად გასაიდუმლოებულია. ამიტომ USS Porter-ის, USS Mount Whitney-ისა და USNS John Lenthall-ის ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ მაშინ ცხდება ცნობილი, როცა ამას ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა გამოაცხადებს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მე-6 ფლოტის ფლაგმანი USS Mount Whitney ბათუმის პორტში. 2021 წ. ნოემბერი.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მე-6 ფლოტის ფლაგმანი USS Mount Whitney ბათუმის პორტში. 2021 წ. ნოემბერი.

ექსპერტს არ აკვირვებს რუსეთის ამჟამინდელი რეაქცია ამერიკის სამხედრო გემების დაგეგმილ შესვლაზე შავ ზღვაში.

„ცხადია, ეს მათში ისტერიას იწვევს. გამოიყვანეს გემები და თვითმფრინავები, რომლებიც უთვალთვალებენ, პატრულირებენ - მათთვის ჩვეული პრაქტიკაა,“ ამბობს ის.

მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ამას ამერიკელებისგან სილის გაწვნად აღიქვამს.
ანდრეი კლიმენკო

„მე ვფიქრობ, რომ [რუსეთის ხელისუფლება] ამას ამერიკელებისგან სილის გაწვნად აღიქვამს. ისინი პუტინთან რაღაცაზე შეთანხმდნენ, რუსეთი ამას არ ასრულებს და ამიტომ მოაწყვეს [ამერიკელებმა] ასეთი დემონსტრაცია.“

კლიმენკოს თქმით, უკანასკნელ ხანებში არამხოლოდ გახშირდა დასავლეთის სამხედრო გემების შესვლა შავ ზღვაში, არამედ ამავე დროს შეინიშნება ნატოს ევროპელი წევრების გააქტიურებაც:

„გემების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ადრეა დასკვნების გამოტანა. მაგრამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ტენდენციაზე: ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები რეაგირებას იწყებენ.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG