Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიშკარიანი სააკაშვილის გადაყვანაზე: გაუგონარი დარღვევაა, რეანიმობილი გამოყენებულ იქნეს სადამსჯელო მისიით


მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი
მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის დროს რეანიმობილი სადამსჯელო მიზნით იყო გამოყენებული, რაც, მისი თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია. „დილის საუბრებში“ მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ამ ფაქტზე პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს დაწყებული:

„ყველა საერთაშორისო სტანდარტით და ჩვენი კანონმდებლობითაც კატეგორიულად აკრძალულია, რომ საერთოდ სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო ტექნიკა გამოყენებული იყოს არა სხვა მიზნით, რაც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობას. და იქ გათიშეს ვიდეოები ამ რეანიმობილში, ანუ მოტყუებით, როდესაც გადაჰყავდათ, ამაში მონაწილეობდა სამედიცინო პერსონალი. და ეხლა წესით, ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს დაწყებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობა უნდა აძლევდეს ჩვენებას. ეს ბრიგადა, რეანიმობილის ბრიგადა უნდა იყოს დაკითხული, როგორც მინიმუმ გამოკითხული და ამაზე რეაგირება უნდა მიდიოდეს“, - განაცხადა „დილის საუბრებში“ მარიამ ჯიშკარიანმა.

გადაცემაში მან თქვა, რომ სამედიცინო მანქანაში მოხდა ადამიანის წამება და მასზე ზემოქმედება. „ეს არის გაუგონარი ველურობა, რაც 21-ე საუკუნეში დღეს საქართველოში ხდება“, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა“ დილის საუბრებში“.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს გაავრცელა. ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG