Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუჭავას თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანახმა იყვნენ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე


კახა კუჭავა
კახა კუჭავა

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ილაპარაკა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის საკითხზე. გარდა ამისა, ის შეეხო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„პირველ რიგში, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს სწორ ანალიზსა და სწორ პასუხებს. სამწუხაროა განცხადებები, რაც ბოლო დღეებში, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან გვესმის - ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში კარგად გახდა, რადგან სასამართლოზე უნდოდა მონაწილეობის მიღება... სად არის სიმართლე ვეღარ გავიგე! ეს არის რეალური ტრაგედია. ტრაგედიაა, რომ ხდება ფაქტებით მანიპულირება! საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა. ჩემთან მოდიან, დახმარებას მთხოვენ. როცა მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა - თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც. მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ“, - თქვა კახა კუჭავამ.

14 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს.

იმავე მოთხოვნით, სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად მე-13 დღეა შიმშილობს პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც.

დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში იშიმშილებს.

შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც.

დღეს 15 ნოემბერს, შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადეს რუსთავისა და ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ საკრებულოებში მთლიანობაში ამ დროსათვის 11 ადამიანი შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG