Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი: 114 000 ლარი გადახდილია სააკაშვილისა და უგულავას გასახდომ პროცედურაში. რა წერია დოკუმენტებში


განმარტება: მასალა გამოქვეყნების შემდეგ შესწორებულია. შეცვლილია სტატიის სათაური და დაზუსტებული და განახლებულია ინფორმაცია პროკურატურასთან, ინსბრუკში სააკაშვილის და უგულავას ვიზიტის დროს დახარჯული თანხის დეტალური ხარჯთაღრიცხვის ოდენობის შესახებ.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურორმა, გიორგი მუჯირმა, 15 ნოემბერს, სასამართლო სხდომის შემდეგ თქვა, რომ „114 000 ლარი იქნა გადახდილი ინსბრუკში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში“.

პროკურატურისავე საიტზე, 2014 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ამ საქმეს შეეხება, ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში, მხოლოდ გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში გადახდილი თანხაა მითითებული - 26 388 ლარი.
პროკურატურამ რადიო თავისუფლებას განუმარტა 114-ათასლარიანი ხარჯების წარმომავლობა, რომელიც მანამდე უწყების მიერ გამოქვეყნებულ, ამ საქმესთან დაკავშირებულ არცერთ საჯარო განცხადებაში არ ფიგურირებს და მიაწოდა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი საქმის მასალებიდან.

საქმის მასალებისთვის დართული ქვითრებიდან ირკვევა, რომ 2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ ავსტრიაში, ინსბრუკთან მდებარე პარკჰოტელში, 6 დღის განმავლობაში ჯამში 114 ათასი ლარი დახარჯეს. ეს თანხა სახელმწიფო დაცვის სამსახურის გაუთვალისწინებელი ფარული ხარჯების ანგარიშიდან დაიხარჯა სასტუმროზე, ტრანსპორტზე, სამედიცინო პროცედურებზე, კვებაზე, კომუნიკაციაზე, კინოს ბილეთებსა და სხვა მომსახურებაზე.

ქვითრების გარდა საქმეში დევს 114 884 ლარის გახარჯვის შესახებ პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პატაკი სახელმწიფო დაცვის სამსახურში. ამ დოკუმენტებიდან არ ირკვევა, რა იყო ავსტრიაში პრეზიდენტისა და ქალაქის მერის ვიზიტის მიზანი - დოკუმენტზე იკითხება ხელით მიწერილი წარწერა „გამაჯანსაღებელი ცენტრი“. პროკურატურა ამბობს, რომ ისინი სახელმწიფოს ფულით, გასახდომ პროცედურებზე წავიდნენ.

დოკუმენტებში ტერმინი „გასახდომი პროცედურები“ არ გვხვდება - სასტუმროში, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტი და მერი რჩებოდნენ, მათ „სამედიცინო პროცედურები“ აქვთ ჩატარებული. „პარკჰოტელი“, სასტუმროს ვებგვერდის მიხედვით, კლიენტებს სამედიცინო პერსონალის მიერ მართულ გამაჯანსაღებელ, მათ შორის, დეტოქსის პროცედურებს სთავაზობს.

უშუალოდ პროცედურებზე დახარჯულია დაახლოებით 16 ათასი ევრო, 6 ათას ევრომდეა დახარჯული „პარკჰოტელის“ ნომრებში, სადაც 6 ღამეს დარჩნენ, 23 730 ევრო - 3 ავტომობილის დაქირავებაში 7 ღამით. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამ ვიზიტის ერთადერთი მიზანი გახდომის პროცედურების ჩატარება იყო.

„დღეს, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს, ჩატარდა სასამართლო სხდომა. მეტი სიცხადისთვის მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს.

ამავე პერიოდში, პრეზიდენტის მიერ, ლეგიტიმურად, მსგავს ღონისძიებებში დახარჯული იყო 20 მლნ ლარი, თუმცა, წარმოდგენილი 9 მლნ ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის თუ სხვა ხარჯებს.

მათ შორის, მინდა განმარტება გავაკეთო, იყო გასახდომი, გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, ინსბრუკში 114 ათასი ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში“, - თქვა სასამართლოს პროცესის შემდეგ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა.

ამ საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია ამბობს, რომ ინსბრუკში ვიზიტი არაფორმალური საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად დაიგეგმა.

„ასეთი არაფორმალური შეხვედრები, რომელშიც პრეზიდენტები და მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ საქმიანი ურთიერთობებისთვის, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ფორმატში ტარდება. მაგალითად, პუტინი ატარებს ხოლმე დოღს, რომელსაც ყოფილი “ესენგე”-ს ქვეყნების ლიდერები ესწრებიან ხოლმე - არავინ, ვინც იქ მიდის, ცხენებს არ უყურებს. ჩვეულებრივი სამიტია.

ესეც ჩვეულებრივი რეზორტი იყო, სადაც ბევრი ქვეყნის ლიდერები ჩადიან. ამ კონკრეტულ ვიზიტზე სამწუხაროდ მე არ მაქვს უფლება, ვთქვა, რისთვის იყვნენ წასულები პრეზიდენტი და ქალაქის მერი, ვინაიდან სხვა ქვეყანაში იყო და სხვა ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ, შესაძლოა, ეს თავად პრეზიდენტმა თქვას სასამართლო სხდომაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თემურ ჯანაშიამ. ის ამბობს, რომ ავსტრიაში წასვლის მიზეზი არ ყოფილა გახდომა, ვიზიტს კონკრეტული მიზანი ჰქონდა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდა. ის განმარტავს, რომ პრეზიდენტის სტატუსი მოითხოვდა დაჯავშნილი მანქანების დაქირავებას და მაღალი კლასის სასტუმროში დაბინავებას. ეს არა ფუფუნების, არამედ უსაფრთხოების საკითხია, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

გიგი უგულავა იხსენებს, რომ ის იმ პერიოდში, როგორც თბილისის მერი, დედაქალაქთან დამეგობრებულ ინსბრუკში საქმიანი ვიზიტით იყო და მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ ერთი დღით გადაიკვეთა.

„რამე პროპაგანდის მიღმა ხელმოსაჭიდი რომ ყოფილიყო, პროკურატურა, მინიმუმ, ბრალს წამიყენებდა, ან დამკითხავდა მაინც. მსგავსი რამ არ მომხდარა. მიზეზი? პროპაგანდისტული ბოდვაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტიკოსმა.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ მიაწოდა რადიო თავისუფლებას, გიორგი უგულავა ინსბრუკის იმავე აპარტჰოტელში, რომელშიც სააკაშვილი დაბინავდა, 6 დღით დარჩა.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ბრალი 2014 წლის 13 აგვისტოს წაუყენა. ამ საქმეში მასთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია. ჯამში, გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს 8 837 461 ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების და დაპატიმრების შემდეგ პირველი სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 15 ნოემბერს, ბრალდებულ სააკაშვილის გარეშე გაიმართა საქალაქო სასამართლოში.

XS
SM
MD
LG