Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკუჩავას თქმით, ადმინისტრაცია მას ციხის შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა


თინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გლდანში, მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაცია მას ციხის შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.

„ამ ციხის ადმინისტრაციაში არიან მწვალებლები, სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების შესაძლებლობას. ყველა თანამშრომლის შესახებ არ ვამბობ ამას, - თქვა მან ციხის დატოვების შემდეგ და დაამატა, - პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩემი შეხვედრა დასრულდა ძალიან მალე. შემდგომ, ციხის ადმინისტრაცია არ მაძლევდა შენობის დატოვების საშუალებას. ჯერ თავად საავადმყოფოს შენობიდან ვერ გამოვდიოდი, შეფერხებების გამო, რომლის მიზეზიც მე ვერ გავიგე, შემდეგ კორესპონდენციის გამოტანის საშუალებას არ მაძლევდნენ. განმიმარტეს, რომ შეადგენდნენ ოქმს აღნიშნულის შესახებ და საათზე მეტხანს ადგენდნენ გაუგებარ ოქმს“.

როგორც დეპუტატი ამბობს, მას მიხეილ სააკაშვილის კორესპონდენცია უნდა გამოეტანა, თუმცა არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ეს უფლება შეზღუდული ჰქონდა, რადგან წინა შემთხვევაში ამით ისარგებლა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG