აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წლის განმავლობაში სამგზის თქვა უარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე, რომელზეც აშშ-ის ლიდერს რეკომენდაციით ეროვნული უშიშროების საბჭომ მიმართა. ამის შესახებ ჟურნალი „პოლიტიკო“ წერს, ორ გათვითცნობიერებულ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ანონიმური წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადებია, რომ წარმოდგენილი სანქციები არ იქნებოდა საკმაოდ მკაცრი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ ერთი ანონიმური წყაროს ცნობით, ბაიდენს სურს დარწმუნდეს, რომ რუსეთის მიმართ სანქციები საკმაოდ „ჭკვიანური“ იქნება საიმისოდ, რომ შეცვალოს კრემლის მოქმედება.
2021 წლის აპრილში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო ვალს და იმ კომპანიებს, რომლებიც ანექსირებულ ყირიმში რკინიგზის მშენებლობაზე არიან პასუხისმგებელი. სანქციები გავრცელდა ასევე რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსეი გრომოვზე, რომელიც კრემლში სახელმწიფო ტელევიზიების საქმიანობას კურირებს. ეკონომისტებმა შეზღუდვების ამ პაკეტს უწოდეს საკმაოდ რბილი, რადგან ამ ზომების გამოცხადების შემდეგ რუსული რუბლი გამყარდა დოლართან მიმართებაში.
მოგვიანებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა შემოეღო სანქციები რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა იმით ახსნა, რომ არ სურს ურთიერთობის გაფუჭება გერმანიასთან და თანაც, უკვე შეუძლებელი იყო გაზსადენის ხაზის დაწყებული მშენებლობის შეჩერება.
15 ნოემბერს სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად ვაშინგტონი განიხილავს რუსეთის მიმართ სანქციების ახალ პაკეტს დონბასში სიტუაციის დაძაბვის ფონზე. სააგენტოს წყაროებს ჯერ არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ რა შეზღუდვები იქნება შემოღებული ამჯერად, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ სანქციები ამჟამად ენერგეტიკულ სექტორს შეეხება.
დაწერეთ კომენტარი