Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ლომჯარიას მოსალოდნელ შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრობს


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით "ფეიკს" - ყალბ ინფორმაციას უწოდებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეს გაგრძელება მოჰყვება, შეიძლება სახალხო დამცველის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამაზე მან ჟურნალისტებთან პარლამენტში ისაუბრა.

"ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით - ეს რომ არ გააკეთა, ეს მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების. ანუ იმთავითვე "ფეიკია", რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ - წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - თქვა კობახიძემ.

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის შიმშილობის შემდეგ მკურნალობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს კითხვა დაუსვეს დასკვნის გასაჯაროების შემდეგაც. ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ეს საკითხი არ შეუსწავლიათ, რადგან პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი უარს აცხადებს იმ დაწესებულებაში მკურნალობაზე.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 ნოემბრიდან იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".

საქართველოში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნებული სააკაშვილი, რომელიც ორ საქმეზეა გასამართლებული, სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის ამ დროიდან შიმშილობას აცხადებს - უკვე 49 დღეა შიმშილობს. ისიც, მისი ადვოკატებიც და ექიმთა ნაწილიც მის სამოქალაქო, მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილის მკურნალობა გლდანის პენიტენციური სამსახურის ბაზაზე არსებულ კლინიკაშიც შესაძლებელია და ამავდროულად, არსებობს უსაფრთხოების რისკები, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

XS
SM
MD
LG