Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტი სამკურნალო დაწესებულებას მოინახულებს


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კომიტეტის ფარგლებში დეპუტატები გეგმავენ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობას და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრას. ამის თაობაზე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის 18 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

გვაქვს დაგეგმილი, კომიტეტის ფორმატში, რომ ვიზიტი გვქონდეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან, ასე ვთქვათ, შეფასებითი ვიზიტი და ესეც დაგვეხმარება საიმისოდ, რომ ამ პეტიციასთან დაკავშირებით სწორი, მწყობრი პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული. მიმდინარეობს ასევე საუბრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ ისინიც იყვნენ ჩართული პროცესში და ველოდებით მათგან თანხმობას და პოზიციას ამის ირგვლივ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პეტიცია კი, რომელიც მიხეილ სარჯველაძემ ახსენა, ბიუროს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს გადაეცა განსახილველად და შეეხება ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებელი გადაყვანის მოთხოვნას. პეტიცია საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერაა ინიცირებული და საქართველოს 1383 მოქალაქე აწერს ხელს.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 ნოემბრიდან იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".

მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია მიმდინარეობს რამდენიმე სხვა ქალაქშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი შიმშილობს რუსთავის საკრებულოში და ამავე პარტიის 5 წევრი და 1 მხარდამჭერი ზუგდიდის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG