Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი სააკაშვილზე: თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, ეს გაკეთდება


ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო „არავითარი განგაშის საფუძველი“ არ არსებობს.

„შეგიძლიათ იყოთ მშვიდად იმიტომ, რომ როგორც კი, და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება," - უთხრა დღეს, 18 ნოემბერს ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა. ის იმყოფებოდა ეროვნულ გალერეაში, სადაც მხატვარ ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენის გახსნას დაესწრო.

„რაც უფრო მალე, ოპოზიცია იქნება ეს, თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი, ვინაიდან ჯანმრთელობა არის სამედიცინო საკითხი და არა პოლიტიკური", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, პაციენტის მართვაში ჩართული ექიმები შესაძლოა, თანხმდებოდნენ ან ვერ თანხმდებოდნენ და ამისთვის კონსილიუმი არსებობს. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, მთავარია, რომ თავად ექიმები ჩამოყალიბდნენ ერთ კონკრეტულ აზრზე და პენიტენციურ სამსახურს არც ამ შემთხვევაში ექნება მედიკოსების აზრის გათვალისწინების პრობლემა.

თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება ამ მოწოდებას ან არ იზიარებდე, ან არ ეთანხმებოდე: „შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ, ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი“.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 ნოემბრიდან იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".

მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია მიმდინარეობს რამდენიმე სხვა ქალაქშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი შიმშილობს რუსთავის საკრებულოში და ამავე პარტიის 5 წევრი და 1 მხარდამჭერი ზუგდიდის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG