Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიას მოუწოდებს, შეაჩეროს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აპირებს პირადად დაუკავშირდეს გერმანიის მომავალ კანცლერ ოლაფ შოლცს, რათა მასთან ერთად განიხილოს რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბედი.

პოლონეთი აუცილებლად მიიჩნევს პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის დაუყოვნებლად შეჩერებას და ამისკენ მოუწოდებს ოლაფ შოლცს, რომელიც, სავარაუდოდ, სათავეში ჩაუდგება გერმანიის მთავრობას. რადიოსადგურ „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანულ ტაბლოიდ „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მორავეცკის თანახმად, იგი შოლცს შემდეგი სიტყვებით მიმართვას: „ჩვენ პოლონეთში ამჟამად ევროკავშირის საზღვრებს ვიცავთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე, მაშინ, მოდი, ერთად ვიღვაწოთ მშვიდობისათვის და არ მივცეთ ვლადიმირ პუტინს დამატებითი ფული, რომლითაც ის მომავალშიც გააგრძელებს შეიარაღებას“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარამდე ერთი დღით ადრე, გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი, ვიდრე მთავარი ოპერატორი, გაზსადენის გერმანიის განშტოების მართვის მიზნით, შვილობილ კომპანიას არ დააფუძნებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპერატორი გერმანიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანს თავის საორგანიზაციო-სამართლებრივ სტატუსს“, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური ქსელების სააგენტოს განცხადებაში.

ამგვარად სერტიფიცირების პროცესი შეჩერებული იქნება მანამდე, ვიდრე არ დასრულდება ძირითადი აქტივების გადაცემა შვილობილი კომპანიისთვის და რეგულატორი არ შეისწავლის ყველა დოკუმენტს.

კომპანია Nord Stream 2 AG-ის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ეთანხმებიან ამ მოთხოვნას და მიმართავენ ზომებს, მასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

როგორც ანონიმმა გერმანულმა წყარომ უთხრა Reuters-ს, გაზსადენი შესაძლოა არ ამუშავდეს მარტამდე, როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება უკვე კლებას დაიწყებს.

17 ნოემბერს ბუნებრივი აირის ფასებმა ევროპაში 8%-ით მოიმატა.

ენერგომატარებლებზე მზარდი ფასები ევროპაში აძლიერებს ინფლაციას და ზრდის ენერგომომარაგებაში შეფერხებების შიშს.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა, პოლიტიკური ბრძოლის საგნად იქცა. აშშ-ი, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა მისი ექსპლუატაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან შიშობენ, რომ გაზსადენი მოსკოვის ხელში ევროპაზე ზეწოლის ინსტუმენტად იქცევა.

XS
SM
MD
LG