საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ბეჟან წაქაძე ფიქრობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი "მშვენიერ ფორმაშია". მან ჟურნალისტებს ურჩია, რომ მიხეილ სააკაშვილს "დაანებონ თავი".
"დაანებეთ ამ მიხეილ სააკაშვილს თავი. აცადეთ იმ კაცს მოიხადოს სასჯელი ნორმალურად... რატომ არის გადასაყვანი?!. მიხეილ სააკაშვილი არის მშვენიერ ფორმაში, თქვენ თვითონ ნახეთ. აცადეთ იმ კაცს ბუნებრივად რომ ჭამოს და არ დამალოს ეს ჭამა, აცადეთ, დაანებეთ თავი... რატომ უნდა გადაიყვანონ? რა სტკივა - კუჭის ოპერაცია უნდა, თირკმლის, ტვინის, თუ რისი ოპერაცია უნდა?" - თქვა ბეჟან წაქაძემ.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 ნოემბრიდან იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა, ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".