Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ირაკლი კობახიძის განცხადებას ზეწოლის მცდელობად აფასებს


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომელშიც ის ომბუდსმენის შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობდა, ზეწოლის მცდელობად აფასებს. სახალხო დამცველი ამ ფაქტის შესასწავლად საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

"აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს.

მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას. პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას იმ ექსპერტებს, რომლებიც მის მიერ შექმნილ კონსილიუმში იღებდნენ მონაწილეობას და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადეს.

"უპასუხო კითხვები", "მოსალოდნელი პასუხისმგებლობა" და "პოლიტიკურად მოტივირებული" - ეს იყო მთავარი გზავნილები, რომელსაც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის გაცნობის შემდეგ მმართველი გუნდის წევრები ავრცელებდნენ. მმართველი გუნდის წევრებს შორის "ფეიკ" დასკვნაზე საუბრობდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

"როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ - წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - თქვა კობახიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ თქვა, რომ ის კრიტიკულ ფაზაშია. გარდა ამისა, ექიმების ამავე გაერთიანებამ აღნიშნა, რომ საჭიროა მისი დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან, უკვე 49 დღეა შიმშილობს. მმართველი გუნდი უარს ამბობს მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, სააკაშვილის უფლებადამცველები კი გლდანის პენიტენციური სამსახურის ბაზაზე არსებულ კლინიკაში მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG