Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას განცხადებით, 19 ნოემბერს აქცია გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე


ნიკა მელია
ნიკა მელია

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მოქმედების გეგმა შეცვალეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტნიორ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი თქმით, აქცია გაიმარტება 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე,

„ოპოზიცია აუქმებს 19 ნოემბრისთვის სამ ადგილზე დაგეგმილ მანიფესტაცია-მსვლელობას, - თქვა მელიამ და აქციის გამართვის ერთი ადგილი დაასახელა, - ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - აცხადებს მელია.

პოლიტიკოსმა მოქალაქეებს თბილად ჩაცმისკენ მოუწოდა. „ვიკრიბებით კონკრეტული გეგმით, რასთან დაკავშირებითაც მე ხვალ მეგობრებთან ერთად გავაცნობ საზოგადოებას“, - აღნიშნა მელიამ. როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებას თუ შერჩენია საღი აზრი და ჭკუა, დატყვევებული ადამიანი უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო ჰოსპიტალში.

ნიკა მელიას შეფასებით, ადგილი, სადაც ამჟამად მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, არც ციხეა და არც საავადმყოფო.

„სადისტური რეჟიმი უარს არ ამბობს სურვილზე, რომ არც მეტი და არც ნაკლები, დატყვევებული ადამიანი მოკლას. მოკლას არა საავადმყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ, სადაც მოისურვა ივანიშვილმა. ის არც ციხეა და არც საავადმყოფოა, ის არის რაღაც შენობა, სადაც დატყვევებული ჰყავს ადამიანი. არ აიღო ხელი ამ მანიაკალურ სურვილზე ბიძინა ივანიშვილმა, არ შეისმინა ყველაზე კომპეტენტური ექიმების რჩევები, დარიგებები, მათ მიერ გაკეთებული მძიმე პროგნოზები არაფრად ჩააგდო. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში საჭიროა სრული მობილიზაცია და ერთობა“, - აცხადებს მელია.

18 ნოემბერს, საღამოს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის შემდეგ წაიქცა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.

„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - ვკითხულობთ დასკვნაში.

დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

XS
SM
MD
LG