Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისეთი გართულებებიცაა მოსალოდნელი, რომელსაც ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა" - თენგიზ წულაძე


სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ მე-18 პენიტენცური სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ არის გადასაყვანი მრავალპროფიკურ კლინიკაში.

მხოლოდ ექიმს და პაციენტს შევხვდით. დიახ ექიმებს ვუთხარით, რომ [სასწრაფოდ არის გადასაყვანი] თუმცა, მათი უფლებამოსილება ეს არ არის. მკურნალობენ იქ და იმგვარად, რა საშუალებაც აქვთ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს მათაც კარგად ესმით და ყველა ექიმის რეკომენდაცია, ვისაც დღეს შევხვდით, ერთი და იგივეა - პაციენტი გადაყვანილი იქნეს პოლიპროფილურ კლინიკაში“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.

კითხვაზე გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში, თენგიზ წულაძემ უპასუხა, რომ არ იცის. „ამაზე მსჯელობენ, ალბათ მათი მოსვლაც (ავტ. სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე) და ჩვენი შეხვედრაც [ჯანდაცვის] სამინისტროში ამის გამოხატულებაა, ამის გამოძახილია“.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებას მსგავსი პაციენტის მართვის შესაძლებლობა - მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

„ჩემი აზრით, არ აქვთ მათ ისეთი რესურსი, რომ მართონ გართულებები, რომელიც მოსალოდნელია იყოს. ეს მათაც იციან და მაგ გართულებებზე აქვთ ნათქვამი, რომ ისედაც უნდა გადაიყვანონ, თუ ეს გართულებები მოხდა, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ზუსტად ისაა, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ. რომ გადაეყვანათ გუშინ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შესაძლოა, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მოსალოდნელ გართულებებზე საუბრისაც, თენგიზ წულაძემ აღნიშნა, რომ ახლა მდგომარეობა სტაბილურია „მონიტორინგიც მიდის, ამ წუთში ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ ისეთი გართულებებიცაა მოსალოდნელი, რომელსაც ის ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა“.

კითხვაზე, სურს თუ არა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადავიდეს სხვა კლინიკაში, თენგიზ წულაძემ თქვა რომ „რასაკვირველია, ისინი ყველანი სტრესის ქვეშ არიან, ასეთ მდგომარეობაში, ასეთ მძიმე პაციენტზე პასუხისმგებლობის აღება კლინიკასაც კი გაუჭირდება, არათუ აქ ახლადდაკომპლექტებულ დაწესებულებას“

კონკრეტულად რომელ კლინიკაში შეიძლება გადაიყანონ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში, თენგიზ წულაძემ თქვა, რომ მათთან ამაზე საუბარი არ ყოფილა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები პენიტენციური სამსახურის სამკურნლო დაწესებულებაში მისვლამდე ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ.

"ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში" ,- თქვა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. ის ერთ-ერთია იმ ჯგუფის ექიმებს შორის, რომელიც ომბუდსმენის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა.

18 ნოემბერს, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს შექმნილი ორი კონსილიუმის წევრ ექიმებთან. მეორე კონსილიუმი იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ინიციატივით შეიქმნა და მანამ ფუნქციონირებდა, სანამ მიხეილ სააკაშვილს რუსთავიდან თბილისში, გლდანში მდებარე მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. ორივე კონსილიუმი სხვადასხვა დროს პენიტენციურ სისტემას მოუწოდებდა, გადაეყვანა მოშიმშილე პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.

18 ნოემბერს, საღამოს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის შემდეგ წაიქცა.

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოქვეყნა. რომლის თანახმად:

„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".

დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

XS
SM
MD
LG