Accessibility links

site logo site logo

ბულგარეთში სამხედროთა ჯგუფს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალი


წარწერა კომუნისტური პერიოდის მონუმენტზე სოფიაში

ბულგარეთის სამხედრო პროკურატურამ 18 ნოემბერს ბრალი წაუყენა ყოფილი და მოქმედი სამხედროების ჯგუფს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სასარგებლო ჯაშუშობას ეწეოდა.

„ასოშიეტიდ პრესის“ თანახმად, ექვსი პირი საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის შეგროვებასა და უცხოეთის სახელმწიფოსათვის გადაცემაშია ბრალდებული. ჯგუფში შედიოდნენ ბულგარეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი თანამშრომელი, თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი რგოლის თანამდებობის პირი და ყოფილი სამხედრო ატაშე, რომელსაც ბულგარეთის პარლამენტის საიდუმლო ინფორმაციებზე ჰქონდა წვდომა.

ბულგარელმა სამართალდამცველებმა ჯგუფი 2021 წლის მარტში დააკავეს.

ამ ხნის განმავლობაში ხუთი პირი პატიმრობაში რჩება, ერთი კი თავდების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ჯგუფის მოთავედ ითვლება სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც თავის დროზე მოსკოვში რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის შესაბამისი ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. გამოძიების ვერსიით, ბულგარეთში დაბრუნების შემდეგ, მას დაავალეს ჯაშუშთა ქსელის შექმნა იმ პირთაგან, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე. რუსეთისთვის საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის გადაცემას, რუსეთის ფედერაციის საელჩოს საშუალებით, ახორციელებდა სამხედრო მზვერავის ცოლი, რომელსაც ორმაგი, რუსეთისა და ბულგარეთის, მოქალაქეობა აქვს.

თუ ბრალდებულებს დანაშაულს დაუმტკიცებენ, მათ ბულგარეთის კანონმდებლობით, სულ მცირე 10 წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუსეთის ექვს დიპლომატს დაატოვებინეს ბულგარეთის ტერიტორია, კიდევ ერთს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მათთან ერთად რამდენჯერმე დააკავეს და კვლავ გაათავისუფლეს ადგილობრივი მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG