Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ღმერთი ქალია


„ბენედეტა“ („Benedetta“, 2021, საფრანგეთი, რეჟისორი პოლ ვერჰოვენი)

მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსის, დიდი ხულიგნის, პოლ ვერჰოვენის ახალ ფილმს კინოს მოყვარულები რამდენიმე წელი ელოდნენ. ვერჰოვენის წინა ნამუშევარი „ის ქალი“ (იზაბელ იუპერით მთავარ როლში) იმდენად სავსე იყო ახალგაზრდული ენერგიით, სიღრმით და, რა თქმა უნდა, პროვოკაციით, რომ ხალხმა ჰოლანდიელ-ამერიკელი რეჟისორის ადრეული სურათების „გადამეორებაც“ დაიწყო. ბევრი სრულიად სამართლიანად ამტკიცებდა, რომ პოლ ვერჰოვენს შესაძლებელია ჰქონდა ჩავარდნები თავის შემოქმედებაში, მაგრამ ეს კაცი მაინც ყოველთვის იდგა პროგრესის გზაზე და, რაც მთავარია, თავადაც მუდმივად ვითარდებოდა, მუდმივად ეძებდა ახალს. როგორც კი გაირკვა, რომ ის იწყებს მუშაობას ადაპტაციაზე ჯუდით ბრაუნის სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა „ურცხვი საქციელი. ლესბოსელი მონაზონის ცხოვრება რენესანსის ეპოქის იტალიაში“, ვერჰოვენის ახალი ნამუშევრის მოლოდინი კიდევ უფრო გაძლიერდა. მაგრამ პრემიერა ფილმისა, რომლის გადააღება სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რამდენჯერმე გადაიდო. ჯერ რეჟისორს დასჭირდა ოპერაცია მოტეხილ ბარძაყზე, შემდეგ პანდემია დაიწყო და ჩაიშალა კანის 2020 წლის კინოფესტივალი, სადაც პროდიუსერების გადაწყვეტილებით „ბენედეტას“ პირველი ჩვენება უნდა გამართულიყო. ვფიქრობ, ამ გადადებულმა პრემიერებმა ერთგვარად „გაწელა“ მოლოდინი და ვერჰოვენის თაყვანისმცემლებს შეუქმნა განცდა, რომ მათ რაღაც სრულიად გრანდიოზულის, ფანტასტიკურის ხილვა მოუწევდათ. მაყურებლის ნაწილი, მათ შორის რეჟისორის ფანებიც კი, მიიჩნევენ, რომ „ბენედეტა“ უკან გადადგმული ნაბიჯია დიდი მაესტროს შემოქმედებაში, რომ ვერჰოვენმა ერთი ჩვეულებრივი ანტიკათოლიკური კოსტიუმირებული დრამა გადაიღო, რომ სურათი უფრო ააღელვებს იმას, ვისაც რელიგიური ფანატიზმის გარემოში უხდება ცხოვრება (თუნდაც ჩვენ), გაამწარებს ვატიკანს, მაგრამ კინოხელოვნებისთვის, და თუნდაც პოლ ვერჰოვენისთვის, „ბენედეტა“ არაფერია - ერთი დაღლილი და ასაკში შესული, მაგრამ ნიჭიერი კაცის ძვირადღირებული ნამუშევარია. ამას დაემატა კანის წლევანდელი კინოფესტივალის შედეგებიც - სპაიკ ლის ჟიურიმ სურათი საერთოდ არ შეიმჩნია და, მიუხედავად თითქმის საყოველთაო მოლოდინისა, არ დაასახელა საუკეთესო მსახიობად ვირჯინ ეფირა, რომელიც მართლაც შესანიშნავად ასახიერებს ბენედეტას როლს.

ჯუდით ბრაუნის წიგნი და, შესაბამისად, ვერჰოვენის ფილმი რეალური ამბების ინტერპრეტაციაა. მოქმედება მე-17 საუკუნის იტალიაში ხდება. მთავარი გმირი, მონაზონი ბენედეტა, რომელიც 8 წლის იყო, როცა ტოსკანის მონასტერში ჩააბარეს, მთლიანად შეპყრობილია ლტოლვით... იესო ქრისტეს მიმართ. თუმცა რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა სატრფოს ირჩევს - ახალგაზრდა მორჩილ ქალს, ბარტლომეას, რომელსაც ალერსსა და ვნებას არ აკლებს. ბენედეტას სასწაულების მოხდენა შეუძლია. იგი ჯერ ქრისტეს საცოლეა. შემდეგ კი - თავად იესო ქრისტე.

სურათი არა მარტო ტრადიციულია, არამედ გადაღების ტექნიკის თვალსაზრისით პრინციპულად ძველმოდური - არანაირი კომპიუტერული ტექნიკა, არანაირი არშიყი ჰოლივუდის ახალ კოსტიუმირებულ ფილმებსა და ბლოკბასტერებთან.

ეს არქაული სტილი, რომელიც მხოლოდ ზედაპირული აღქმის შემდეგ ემსგავსება მრავალჯერ ნანახ ანტიკლერიკალურ ფილმებს, მართლაც რომ ხულიგნურ კონფლიქტში შედის შინაარსთან და იმასთან, რაც ხდება ეკრანზე - ბევრი სექსი (ცენზურის საყვარელი დეტალის - ერეგირებული პენისების გარეშე), ბევრი „სამონასტრო ინტრიგა“, ბევრი ექსტატიკური კონვულსია და, როგორც ვერჰოვენს სჩვევია, ფარისევლობის სრული აუტანლობა, ყველაზე მეტად კი რელიგიური ფარისევლობისა, რომელიც პირდაპირ შიშვლდება, როცა ქალაქს შავი ჭირი დააცხრება თავზე და როცა სასოწარკვეთილი ხალხი მესიის ძებნას იწყებს. ვის აირჩევენ ახალ კერპად? ცხადია, იმას, ვინც სასწაულს მოახდენს, ვინც ავადმყოფს ფეხზე დააყენებს, ვინც ეშმაკს განდევნის. მერე რა, რომ აქ ინკვიზიცია ბობოქრობს. ხალხს გადარჩენა უნდა. ამ შემთხვევაში კი ქალი-მარჩენალი სჭირდება. აღმოჩნდება, რომ იესო ქრისტე არა მარტო მოკვდა, არამედ თავი მოიკლა, ხოლო მისი ადგილი ხორციელმა და ზომიერად ფუმფულა ლესბოსელმა, ბენედეტამ დაიკავა. ფილმში მესიას თავისი დედა-ღმერთი („მამა-ღმერთი“, ლამბერ ვილსონის შესრულებით, აქ ინტრიგებითაა დაკავებული და ძალაუფლებას ეჭიდება) ჰყავს, შარლოტა რემპლინგის გმირის სახით. „რატომ აქვთ მამაკაცებს ჯვარზე გაკვრის პრივილეგია, როცა მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებაზე ოცნებობენ? იქნებ დადგა ჟამი ქალის ჯვარცმისა?“ - კითხულობს ვერჰოვენი, შეიძლება ითქვას, სიტყვასიტყვით აღადგენს რა სახარების თემაზე გადაღებულ ფილმებს, რომელთა ტირაჟირებას მუდმივად მიმართავენ კინოში ლამის ამ ხელოვნების დაბადების პირველივე წლებიდან... ერთი ლუის ბუნუელი იყო, რეჟისორი, რომელმაც გადმოატრიალა (და შესაბამისად გააცოცხლა) სახარება ფილმში „ირმის ნახტომი“ (ვიზუალურად და კინემატოგრაფიული ენის თვალსაზრისით გვიანდელი ბუნუელის ყველაზე ტრადიციულ ფილმში). მერე გავიდა დრო და ბუნუელის სცენარისტი ჟან-კლოდ კარიერი პოლ ვერჰოვენს დაუკავშირდა. ერთად დაიწყეს მუშაობა სცენარზე ფილმისთვის „იესოს ცხოვრება“. პროექტი ჩაიშალა, ჟან-კლოდ კარიერი გარდაიცვალა. თუმცა ვერჰოვენს უკან არ დაუხევია - 83 წლის მეამბოხემ „ბენედეტა“ გადაიღო.

ვერჰოვენი „ბენედეტაში“ ბუნუელის ციტირებასაც არ ერიდება. თუ დიდი ესპანელი სიურრეალისტის „ვირიდიანაში“ ჯვარი არა მარტო სალოცავის, არამედ მჭრელი დანის როლსაც ასრულებს, აქ, ვერჰოვენთან, ღვთისმშობლის ხის ქანდაკება, ხელიდან რომ არ უშვებს ბენედეტა-ბავშვი, წლების შემდეგ გადაიქცევა სექსსათამაშოდ, რომელსაც მოხერხებულად, ისე როგორც იაფფასიან ეროტიკულ ფილმებში, იყენებს ბენედეტა-ქალი. სექსუალურობა და რელიგიურობა ვერჰოვენის ფილმში ისე ერთიანდება, თითქოს მათ შორის ზღვარი არც არასდროს ყოფილა. ეგაა, რომ ამ სექსუალურ გარემოში მამაკაცისთვის ადგილი აღარ რჩება - ფალოცენტრიზმად ქცეული სექსუალობის ეპოქა დასრულდა. შესაბამისად, ბოლო მოეღო პატრიარქალურ კულტურასაც. ფაქტია, პატრიარქალური წესრიგი უსუსური აღმოჩნდა შავი ჭირის წინაშე. ის დღევანდელი პანდემიის წინაშეც სასაცილოდ და თან დრამატულად უძლურად გამოიყურება.

პოლ ვერჰოვენს უყვარს „სოფტ-პორნოს“ ჟანრი. თუმცა ამ კაცს თავის ფილმებში არასდროს გამოუხატავს ქალი თოჯინის სახით, რომელიც მორჩილია. „ბენედეტაში“ ვერჰოვენმა იმ მამაკაცი რეჟისორების ფილმების მიმართაც არ დამალა ირონია, რომლებიც ლესბოსურ ურთიერთობას იკვლევენ. ლესბოსური ეროტიკა მათთან ხომ ისევ და ისევ მამაკაცების „აღგზნებას“ ემსახურება. „ბენედეტაში“ ვერჰოვენი არა მარტო ირონიას ვერ მალავს ასეთი კინოს მიმართ, არამედ ათამაშებს ასეთი კინოს კლიშეებს და ჩვენ თვალწინ ანგრევს მათ. ერთ ინტერვიუში რეჟისორი ჟორჟ ბატაის „თვალის ისტორიას“ ახსენებს - უბიწობის და პერვერსიის ამ გენიალურ ნაზავს, რომლის თავისებური ვარიაციაა სწორედ „ბენედეტა“. კინო ეხმარება ვერჰოვენს, გამოხატოს არა მხოლოდ ქალის სხეულის სილამაზე, არამედ ამ სხეულის, შეიძლება ითქვას, ფიზიოლოგიური ნიუანსები... და გამოხატოს ყოველგვარი ფარისევლობის გარეშე, იმის მტკიცების გარეშე, რომ თითქოს მისი კამერა არ იღებს ქალის სხეულს „მამაკაცის თვალით“... არა, სწორედაც რომ მამაკაცის თვალით აღბეჭდავს, იმ მამაკაცისა, რომელიც, ვიმეორებ, ყოველთვის, თავის ყველა ფილმში დასცინოდა „მაგარი კაცის“ მიერ დანახულ სამყაროს.

რა კარგია, რომ „ბენედეტას“ პრემიერა ოცდამეერთე საუკუნის „შავ ჭირს“ დაემთხვა. პოლ ვერჰოვენს ამაშიც სწყალობს ღმერთი, რომელიც მასთან, დიახაც, ქალია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG