Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: ბოლო პერიოდში ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია


გორის სამხედრო ჰოსპიტალს სტუმრობდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. სწორედ იქ გადაყვანა შესთავაზა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის მინისტრმა.

როგორც ტიკარაძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილს აქამდეც უტარდებოდა საჭირო მკურნალობა. ამასთან, მინისტრი ყურადღებას ამახვილებს სხვა პირების მიერ გამოცხადებულ შიმშილობაზე.

„პაციენტს, როგორც რუსთავის, ასევე, მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ სახეზე მივიღეთ ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად დაუშვებელი იყო. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ძალიან ბევრი ჩვენი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თქვენ იცით, რომ მიღებული იქნა გადაწვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა ის საჭირო დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმების დანიშნულებიდან არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით ის შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის შიმშილობების კასკადი, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ასევე შეწყდება ქვეყანაში“, - ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის შეფასებით, გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მრტ-ის აპარატი გამოსული არის მწყობრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული „აპდეითი“ და პაციენტს აუცილებლად მიეწოდება ყველა ის სერვისი, რომელიც მას დასჭირდება შეუფერხებლად“, - აღნიშნა მან.

ჯანდაცვის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კორექტულ დიალოგში გადაიზრდება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ ნებისმიერ საპროტესტო აქციებს და შევძლებთ დავიწყოთ კორექტული დიალოგი“, - თქვა მან.

იუსტიციის მინისტრმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. რატი ბრეგაძის თქმით, იმისთვის, რომ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანონ, აუცილებელი იქნება მან შიმშილობა შეწყვიტოს და არ გაიმართოს აქციები გორის ჰოსპიტალთან.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დღეს, 19 ნოემბერს სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღეა.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოში პერმანენტული საპროტესტო აქციებია. ამავე მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობდა დაიწყო პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შეთავაზების შემდეგ, მან შიმშილობა შეწყვიტა.

14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია მიმდინარეობს რამდენიმე სხვა ქალაქშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი შიმშილობს რუსთავის საკრებულოში და ამავე პარტიის 5 წევრი და 1 მხარდამჭერი ზუგდიდის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG