Accessibility links

site logo site logo

გერმანია პირველ მოლაპარაკებებს მართავს თალიბანთან ავღანეთში


გერმანიის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში, იასპერ ვიკი კატარში. 2021 წელი.

გერმანიამ მაღალი რანგის წარმომადგენლები გააგზავნა ქაბულში თალიბანთან შესახვედრად, პირველად მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ისლამისტურმა გაერთიანებამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ავღანეთში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში, იასპერ ვიკი და დანიშნული ელჩი, მარკუს პოტცელი, 18 ნოემბერს შეხვდნენ თალიბანის მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს.

დელეგაციას ახლდა ნიდერლანდის საგანგებო წარმომადგენელი, ემიელ დე ბონტი. "ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია ოპერატიული კონტაქტების გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებშიც პრაქტიკული თანამშრომლობა საჭიროცაა და შესაძლებელიც, განსაკუთრებით ავღანელი ხალხის ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად", - განაცხადა გერმანიის მინისტრმა.

დასავლეთის ქვეყნები ეძებენ გზებს თალიბანის ჩართვისთვის და ქვეყნის მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გადაწყვეტისთვის, მაგრამ სურთ თავი აარიდონ ახალი მთავრობის მხარდაჭერას, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

სამინისტრომ განაცხადა, რომ თალიბანის ოფიციალურმა პირებმა აღუთქვეს ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლების უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა გაჭირვებაში მყოფ ადამიანებთან, მაშინ როცა გერმანიამ და ნიდერლანდმა კვლავ დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა ავღანელი ხალხისთვისთვის ფართო დახმარების უზრუნველყოფისთვის ზამთრის მოახლოების პირობებში.

დიპლომატებმა თალიბანს განუცხადეს, რომ გერმანია და ნიდერლანდი მზად არიან მოძებნონ ჯანდაცვისა და განათლების სექტორში მომუშავე თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემის გზები, პირდაპირი გადარიცხვით, საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG