Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველს ევროსასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილის საქმეზე მესამე მხარედ ჩართვაზე


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენების ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველს მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა. როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, „TV პირველის“ ეთერში, აპარატმა წერილი 19 ნოემბერს მიიღო.

როგორც ლომჯარიამ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მხრიდან დროებითი ღონისძიების პროცესში მესამე მხარედ ჩართვის პრეცედენტი აქამდე არ არსებობდა, მათ მაინც სცადეს და მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს.

„მივიღეთ ჩვენ უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგანაც, როგორც სასამართლომ თქვა, ამას, მათი პროცედურით, მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. მე, როგორც გითხარით, აქამდე ასეთი პრეცედენტი [სახალხო დამცველის მესამე მხარედ ჩართვის] არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, რომ შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, იმიტომ, რომ პირდაპირ უარი და აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში ამაზე არ იყო. თუმცა ეს სასამართლო მაინც, როგორც ვიცით, ცოტა ტრადიციული და კონსერვატიულია და გვითხრა, რომ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს 17 ნოემბერს მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე არსებული კლინიკა და ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა. ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიების საკითხზე გამოგზავნილ წერილში, სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, მომჩივნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე როგორც მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწერილი სამედიცინო მკურნალობის) შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მომჩივნის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის.

სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ინფორმაცია ორივე მხრიდან უნდა მიეწოდოს და ამისთვის 24 ნოემბრამდე მისცა ვადა მთავრობას.

ევროსასამართლომ მოუწოდა მომჩივანს შიმშილობის შეწყვეტისკენ.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც ის მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.

სააკაშვილი უკვე გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

XS
SM
MD
LG