Accessibility links

site logo site logo

აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის კაილ რიტენჰაუსი


კაილ რიტენჰაუსი სასამართლო დარბაზში

სასამართლოში რიტენჰაუსი ამტკიცებდა, რომ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, ხოლო დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი 17 წლის იყო. შარშანდელი 25 აგვისტოს მოვლენების თაობაზე სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს რიტენჰაუსი ატირდა.

პროკურორი მოითხოვდა, რომ რიტენჰაუსის მოქმედება განზრახ ჩადენილ დანაშაულად ყოფილიყო მიჩნეული. სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები საქმეზე გადაწყვეტილებას თითქმის სამი დღის განმავლობაში იღებდნენ და 16 ნოემბრიდან მოყოლებული ყოველდღიურად 9:00-დან 16:00 საათამდე მართავდნენ სხდომებს. ტელეკომპანია სი-ენ-ენის ცნობით, 12 წევრისაგან შემდგარი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება საბოლოოა და მას პროკურატურა ვეღარ გაასაჩივრებს, რაც ნიშნავს, რომ რიტენჰაუსი სრულად გამართლდა.


შარშან აგვისტოში კენოშაში საპროტესტო გამოსვლები ლოზუნგით „შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (Black Lives Matter) მას შემდეგ დაიწყო, რაც დაკავების დროს პოლიციელმა რამდენჯერმე ზურგში ესროლა და მძიმედ დაჭრა აფრიკელი ამერიკელი ჯეიკობ ბლეიკი. საღამოს დაწყებული არეულობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რიტენჰაუზი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც ილინოისის შტატში მდებარეობს, კენოშაში ჩავიდა, რათა დაეცვა ამ ქალაქის მცხოვრებლები და მათი ქონება. მან შეუიარაღებელი ჯოზეფ როზენბაუმი მოკლა იმ დროს, როდესაც იგი მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა. მეორე გასროლით რიტენჰაუზმა მოკლა ენტონი ჰუბერი, რომელმაც მიწაზე მწოლიარე შეიარაღებულ თინეიჯერს სკეიტი ჩაარტყა. ინციდენტის დროს რიტენჰაუზმა დაჭრა გეიჯ გოსკროიცი, რომელიც რევოლვერით იყო შეიარაღებული.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შარშან აგვისტოში უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მომხდარ არეულობებს „შინაგანი ტერორიზმის აქტი“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG