Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 წლის ლუკა სტრასბურგში იბრძვის - რატომ არის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი სხვა შშმ პირებისთვისაც


ლუკა, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს და ზიანს აყენებს საკუთარ თავს და დედას, ბიუროკრატიულ ხაფანგში აღმოჩნდა. ადვოკატები მის უფლებებს სტრასბურგსა და საქართველოში იცავენ. თუკი ეს დავა ლუკას სასარგებლოდ დასრულდება, მას გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ, ათობით ბავშვს კი, ვისაც იგივე ტიპის სირთულეები აქვს, გაუჩნდება შანსი, რომ სერვისი საოჯახო გარემოში მიიღოს.

ლუკა 17 წლისაა და მას აუტისტური სპექტრის აშლილობა, მძიმე გონებრივი ჩამორჩენა და ქცევის სირთულეები აქვს. ექიმებმა დღემდე ვერ დაადგინეს, რა არის მისი არაპროგნოზირებადი გაღიზიანებების მიზეზები. კონკრეტული ხმა, ხმაური, ქცევა თუ სხვა რამ.

ლუკა პატარაობიდან ვერ მართავს აგრესიას, სახლში ამტვრევს ნივთებს, ბოლო 4 წლის განმავლობაში კი საკუთარ თავს და დედას მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს აყენებს.

გარკვეული პერიოდი ლუკამ სკოლაშიც იარა, თუმცა გართულებული ქცევის გამო სხვა სკოლაში მოუწია გადასვლა, იქაც დირექციამ მინიმუმამდე დაიყვანა მისთვის სკოლაში ყოფნის დრო, მშობელს უთხრეს, რომ 10-15 წუთი თუ „გაიჩერებდნენ“ და იქ სიარულმაც აზრი დაკარგა.

ამავე მიზეზით ლუკას უკვე აღარც დღის ცენტრებში იღებენ, დედას კი არ შეუძლია, შვილს მუდმივი მომვლელი დაუქირაოს.

ლუკა ბოლოს, ქცევის თერაპიაზე დადიოდა, თუმცა პანდემიის გამო ამაზეც უარის თქმა მოუწიათ, რადგან დისტანციურად, კომპიუტერთან ყოფნას ვერ შეძლებდა. ასე აღმოჩნდა ის სახლში გამოკეტილი ყველანაირი აქტივობის გარეშე, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმწვავა.

ერთადერთი ადამიანი, ვინც ლუკას გარეთ გაყვანას და გასეირნებას ახერხებს, მამაა, რომელიც ცალკე ცხოვრობს და შვილს დროგამოშვებით ნახულობს. ძირითადად კი, შვილთან ერთად გამოკეტილ დედას პრობლემასთან გამკლავება მარტოს უწევს.

ლუკას დაზიანებები
please wait

No media source currently available

0:00 0:00:45 0:00

როგორც ლუკას დედა ადვოკატს უყვება, მოზარდის აგრესია იმდენად სისტემატური და უმართავია, რომ მას სახლში სქელი ქურთუკის ჩაცმაც კი უწევს, რომ თავი რამენაირად დაიცვას მძიმე დაზიანებებისგან.

ლუკას ჭარბი წონის გამო დედას უჭირს მასთან გამკლავება, თუმცა მუდმივად შვილთან ჭიდილშია იმის გამო, რომ მან თავს ნაკლები ზიანი მიაყენოს, არ ჩაამსხვრიოს შუშა, ან ისეთი რამ, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს.

ლუკას დედის დაზიანებები
please wait

No media source currently available

0:00 0:00:29 0:00

ლუკას დედამ დახმარება 2021 წლის მარტში, სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს სთხოვა, „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ სარგებლობა უნდოდა, ანუ ასისტენტი, რომელიც 12 საათის განმავლობაში მის შვილთან ერთად იქნებოდა და დაეხმარებოდა აგრესიის მართვასა და გარემოსთან ადაპტირებაში. ლუკა პროგრამაში ოფიციალურად ჩაირიცხა, თუმცა სერვისი ვერ მიიღო.

მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა, რომელიც აფასებს პროგრამაში ჩარიცხვის მსურველი ბავშვის მდგომარეობას, დაადგინა, რომ ლუკას ზედამხედველობა სჭირდება უწყვეტად ღვიძილის განმავლობაში, რაც არა 12-, არამედ 18-საათიან ზედამხედველობას გულისხმობს. იმ მომენტისთვის მთავრობას პერსონალური ასისტენტის 18-საათიანი მომსახურების პროგრამა არ გააჩნდა.

„პირველმა ნაბიჯმა“, ორგანიზაციამ, რომელიც ბინაზე მოვლის ქვეპროგრამას ახორციელებს, მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნაზე (18-საათიანი უწყვეტი ზედამხედველობა) დაყრდნობით უარი თქვა 12-საათიან სერვისზე და, შესაბამისად, დედა-შვილი ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა.

დედამ დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიმართა, იურისტებმა კი სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.

რას ითხოვდა PHR სასამართლოსგან?

  • შშმ მოზარდის დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას საჭირო სერვისის არმიღების გამო და შესაბამის კომპენსაციას;
  • დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით ლუკასთვის 18-საათიანი ასისტენტის დანიშვნას და საოჯახო ტიპის დაწესებულების შექმნას, სადაც ლუკა და ქცევის დარღვევის მქონე სხვა შშმ პირები სათანადო სერვისს მიიღებენ;
  • და სანამ საქმის ძირითადი განხილვა დაიწყებოდა, დროებით ასისტენტს ლუკასთვის.

იმის მიუხედავად, რომ საქმეს თან ერთვოდა ვიდეო- და ფოტომასალა, ჯერ საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაინახეს ლუკასთვის და დედამისისთვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარდაუვალი დაზიანების რისკი და ოჯახს უარი უთხრეს სასამართლო დავის გადაწყვეტამდე დროებითი ასისტენტის დანიშვნაზე.

სოფიკო მენაბდიშვილი
სოფიკო მენაბდიშვილი

„წარდგენილი იყო არაერთი ფოტო- და ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს დედის დალურჯებული ხელები. შეუძლებელია, როცა ბავშვს გამწვავებული მდგომარეობა აქვს და დაზიანებებს იღებს, მაგ მომენტში დედამ ვიდეოს გადაღება დაიწყოს, ასეთი მტკიცებულება შეუძლებელია, არსებობდეს. ამიტომ წარვადგინეთ შემდეგ [პერიოდში] გადაღებული კადრები. ასისტენტზე უარის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოში დაგვთანხმდნენ კონსილიუმის დანიშვნაზე, რომელმაც განსაზღვრა 18-საათიანი მომსახურების აუცილებლობა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან PHR-ის იურისტი სოფიკო მენაბდიშვილი.

ეროვნული სასამართლოების უარის შემდეგ, ასისტენტის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობისთვის იურისტებმა 7 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, მათ კი 8 ნოემბერს სასწრაფო წესით დაავალეს სახელმწიფოს დედა-შვილის სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის ასისტენტის დანიშვნა.

რადიო თავისუფლებამ 9 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სტრასბურგის სასამართლოს მოპასუხე მხარეს, და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ვკითხეთ: როდის ეყოლება 17 წლის ლუკას პერსონალური ასისტენტი?

ორივე უწყებიდან გვიპასუხეს, რომ ბავშვი უკვე ჩართულია პროგრამაში. იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, რომ ლუკას ნებისმიერ დროს შეეძლო 12-საათიანი სერვისის მიღება.

გამოდის, რომ დედა ითხოვს იმ სერვისს, რომელიც მას უკვე აქვს, სტრასბურგის სასამართლო კი სახელმწიფოს ავალებს იმას, რაც მას თითქოს უკვე შესრულებული აქვს.

მაშინ გაუგებარია, რატომ მიმართავს დედა სასამართლოს და რატომ უწევთ სიცოცხლის რისკის ქვეშ ყოფნა მასა და მის შვილს.

რა ხდება ახლა?

12 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი სასამართლო სხდომა, სადაც სახელმწიფომ პოზიციების წარმოდგენის გარეშე, ადვოკატებს გააცნო მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ლუკას 18-საათიანი ასისტენტის სერვისით აკმაყოფილებდა.

საქართველოს მთავრობის №531 დადგენილებაში, რომელიც 2021 წლის 10 ნოემბერს გამოიცა, წერია: „დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“.

ლუკას სასარგებლოდ შეცვლილი კანონმდებლობის მიუხედავად, დავა საქალაქო სასამართლოში ისევ გრძელდება. ლუკას ადვოკატები ითხოვენ, რომ მოსამართლემ შშმ ნიშნით დისკრიმინაცის ფაქტი და კომპენსაციის ოდენობა დაადგინოს.

ასევე, PHR-ი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ითხოვს, რომ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნან ახალი სერვისი, კერძოდ, ლუკასა და სხვა შშმ პირებისთვის, რომელთაც ქცევის დარღვევები აქვთ, შეიქმნას საოჯახო ტიპის დაწესებულება, სადაც ბენეფიციარებს თერაპიისა და სხვადასხვა სერვისით გზით გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარებიან.

ანუ მოგვარდა პრობლემა?

სერვისის მიმწოდებელმა 16 ნოემბერს უკვე გამოაცხადა ვაკანსია ასისტენტების და ქცევის თერაპევტის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად. ლუკას სჭირდება 8 ასისტენტი და 1 ქცევის თერაპევტი, რომელიც მართავს მასთან მუშაობის პროცესს, ასევე ასისტენტების მიდგომას. 18 საათის განმავლობაში, ყოველ 8 საათში 2-2 ასისტენტი უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს.

როდესაც ჯგუფი შესაფერისი კანდიდატებით დაკომპლექტდება, ლუკა მისთვის განკუთვნილ სერვისს მიიღებს.

თუმცა, 2022 წლის იანვარში ლუკა 18 წლის ხდება, სახელმწიფო პროგრამა კი სრულწლოვნებზე არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი და დედამისის მდგომარეობა შეიძლება არ შეიცვალოს.

ადვოკატების მიზანია, რომ ლუკამ სერვისი მიიღოს იქამდე, სანამ არ შეიქმნება საოჯახო ტიპის საცხოვრისის პროგრამა, სადაც არასრულწლოვნები და 18 წლის ზემოთ მყოფი, ქცევის პრობლემების მქონე შშმ პირები, მათთვის საჭირო დახმარების მიღებას შეძლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში შეტანილ შუამდგომლობას ლუკას სასარგებლოდ ქართული კანონმდებლობის ცვლილება მოჰყვა, მისი ადვოკატი სოფიკო მენაბდიშვილი ამბობს, რომ „პრობლემები და ბრძოლა ახლა იწყება“.

ლუკას ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობენ. საქმის ძირითადი განხილვა კი დეკემბერში დაიწყება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG