Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვის ცნობით, 2022 წლისთვის რუსეთი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება


რუსეთის არმიის კონცენტრაცია ქალაქ ელნიაში. თანამგზავრის ფოტო, 2021 წლის 1 ნოემბერი
რუსეთის არმიის კონცენტრაცია ქალაქ ელნიაში. თანამგზავრის ფოტო, 2021 წლის 1 ნოემბერი

რუსეთი, რომელმაც სულ მცირე 92 ათას ჯარისკაცს და შეიარაღებას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან, მომდევნო წლის იანვარ-თებერვალში ამზადებს თავდასხმას უკრაინაზე.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენო „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება გამოცემა Military Times-ზე დაყრდნობით, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროს, კირილ ბუდანოვს ესაუბრა.

სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, სავარაუდო თავდასხმა მოიცავს საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს, რომელსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე, ასევე ოდესასა და მარიუპოლზე. ბუდანოვის თქმით, რუსეთის მიერ წლის დასაწყისში ორგანიზებულმა მასშტაბურმა სამხედრო წვრთნამ „დასავლეთი 2021“ი, ცხადყო, რომ რუსეთს ერთდროულად სამხედრო-საჰაერო და სპეციალური ოპერაციის ძალების 3500 მებრძოლზე მეტის გადასროლა შეუძლია.


გასულ კვირაში, უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკმა, განაცხადა, რომ კიევში ზუსტად არ იციან მიიღო თუ არა თავდასხმის საბოლოო გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა.

20 ნოემბერს აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის სამხედრო ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ვალერი ზალუჟნის. საუბრის თემას წარმოადგენდა რეგიონში რუსეთის არმიის „განგაშის გამომწვევი“ აქტიურობა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა გააფრთხილეს ნატოელ მოკავშირეები, რომ დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებს სულ ცოტა დრო რჩებათ რუსეთის სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად უკრაინაში. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება.


პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა წერს, რომ კრემლში ჯერ არ მიუღიათ რუსეთ-უკრაინის საზღვართან კონცენტრირებული საჯარისო დანაყოფების ამოქმედების გადაწყვეტილება, თუმცა მათი მაღალი რიცხვი და შემადგენლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის ხელისუფლების განზრახვებთან დაკავშირებით.
რუსეთი უკრაინაში სამხედრო შეჭრის განზრახვას უარყოფს.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა აშშ, ევროპის კავშირი და ნატო მათი პოზიციის გამო იმ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ, რომლებსაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში (და სხვა საკითხების გამო), თუმცა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის "კონტაქტებისა და დიალოგისათვის.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG