Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე: დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე


ელენე გიორგაძე
ელენე გიორგაძე

ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ენდოკრინილოგმა ელენე გიორგაძემ, რომელიც ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, ილაპარაკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.

„დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. ყველა ექიმი და პაციენტი კმაყოფილია“, - თქვა ელენე გიორგაძემ. როგორც ენდოკრინოლოგი აღნიშნავს, დღეს, 22 ნოემბერს, კალორაჟი და კვება გაფართოვდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად.

„სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ექოკარდიოგრაფია გავუკეთეთ. ყველა ანალიზი კეთდება ყოველდღე. შიმშილის მარკერები ნორმალურია. როგორც იქნა, ცილამაც უკვე დაიწყო ნელ-ნელა მოწესრიგება. 28 თუ ჰქონდა ალბუმინი, დღეს გაგვიხარდა, უკვე ნორმის ქვედა ზღვარს, 34-ს მიაღწია. ამასობაში, უკვე მიკროელემენტების, ვიტამინების დოზებს ცოტა ვამცირებთ, რომ ყველაფერი თანხვედრაში იყოს, როგორც კვება, ასევე, ნუტრიენტები. ხვალიდან გადავდივართ დაკვირვების სტადიაზე. ისევ ვიქნები მთელი დღე აქ. ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს, ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე“, - ელენე გიორგაძემ თქვა, რომ შემდეგ კი იგეგმება სააკაშვილისთვის სამი კვირით კვების განსხვავებული რეჟიმის დანიშვნა.

ელენე გიორგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ აღენიშნება სისუსტე.

„თვითონ თავს გრძნობს უკეთესად. ნურავის გაგიკვირდებათ, რომ სისუსტე რჩება, მაგრამ ისეთი არ არის, როგორიც იყო შაბათს. 50 დღე, როდესაც ადამიანი შიმშილობს, ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს“, - აღნიშნა ენდოკრინოლოგმა. ის პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს.

გიორგაძემ დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც აკონტროლებს. მისი თქმით, როგორც კი პაციენტს მისი ნახვის მოთხოვნა ექნება, მას გამოიძახებენ.

23 ნოემბერს გორის ჰოსპიტალში ჩავლენ კონსილიუმის წევრები.

20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

XS
SM
MD
LG