ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის შესახებ წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისთვის გამოგზავნილ წერილში.
„შეერთებული შტატების სახელით მადლობას გიხდით საქართველოს მიერ ავღანეთში ქართული საჯარისო ფორმირებების განლაგებით, NATO-ს ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
2015-2021 წლებში საქართველო გახლდათ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი,“ - ვკითხულობთ წერილში.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი მადლიერებას გამოხატავს ავღანეთიდან 2500-ზე მეტი პირის ევაკუაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის.
„გიერთდებით თქვენ და ქართველ ხალხს და პატივს მივაგებ იმ 32 ქართველს, რომელთაც თავი გასწირეს და 300-ზე მეტ იმ ადამიანს, რომელნიც დაიჭრნენ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვის დროს.
აშშ ძალიან აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და საქართველოს ლიდერობას გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტის კონტექსტში. ჩვენ ველით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენი საერთო ინტერესების გაძლიერებისთვის“, - წერს ენტონი ბლინკენი.
დავით ზალკალიანის შეფასებით, ენტონი ბლინკენის წერილი არის კიდევ ერთი დასტური ორი ქვეყნის შეუქცევადი პარტნიორობის. მინისტრის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა არის გამყარებული არა მხოლოდ დეკლარაციებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით.
ზალკალიანი მიუთითებს ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.
„ასევე 2500-ზე მეტ სამოქალაქო პირს აღმოვუჩინეთ დახმარება. ამდენივე რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე და ასევე შესაბამისი სამხედრო ტექნიკა იყო გაყვანილი საქართველოს ტერიტორიის გავლით და ჩვენ მივიღეთ არაერთი მხარდამჭერი და ასევე მადლიერების გამომხატველი წერილი ჩვენი სხვადასხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან”, - თქვა მინისტრმა.
როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისებრივად მაღალ დონეზეა და რომ ის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
დაწერეთ კომენტარი