Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია კიდევ ერთხელ უარყოფს ლუკაშენკას წინადადებას 2000 მიგრანტის შეშვებაზე


გერმანიამ კიდევ ერთხელ უარყო ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინადადება 2000-მდე მიგრანტის შეშვების თაობაზე, რომლებიც ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან. მანამდე ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები მინსკთან არ თანამშრომლობენ პრობლემის გადაჭრაზე და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამას, შესაძლოა, შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვეს.

ევროკავშირი მინსკს ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან ათასობით კაცის, ქალის და ბავშვის წამოყვანაში და შემდეგ მათ ევროკავშირში შეშვებაში პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის გავლით - რაც, ბრიუსელის აზრით, შურისძიებაა ევროკავშირის იმ სანქციებზე, რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმს დაუწესდა სასტიკი რეპრესიების გამო, 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის წინააღმდეგ.

22 ნოემბერს სახელმწიფო სააგენტო BelTA-მა გაავრცელა ლუკაშენკას სიტყვები, რომ მას არ სურს კრიზისის ესკალაცია და კონფრონტაცია, "რადგან გვესმის, რომ თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალია".

გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა მყისიერად უარყო ლუკაშენკას კრიტიკა, რომ ბერლინი "ყოყმანით ეკიდება" 2000-მდე მიგრანტის შეშვებას. მიგრანტთა ეს ჯგუფი იმ ათასობით ადამიანს შორისაა, რომლებიც ბელარუსის და ევროკავშირის საზღვარზე ან საკუთრივ ბელარუსშია დაყოვნებული.

"2000 მიგრანტისთვის გერმანიასთან ჰუმანიტარული დერეფანი არ არის გერმანიისთვის ან ევროკავშირისთვის მისაღები გამოსავალი", - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა, რითიც კიდევ ერთხელ გაიმეორა ბერლინის მიერ გასულ კვირაში გამოთქმული პოზიცია.

ლუკაშენკა უარყოფს მიგრანტთა კრიზისის ორგანიზებას, თუმცა წინა კვირაში, BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, "აბსოლუტურად შესაძლებელია" ზოგიერთი ბელარუსი სამხედრო მიგრანტებს ეხმარებოდეს ევროკავშირში უკანონოდ შესვლაშიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG