Accessibility links

site logo site logo

ბრეგაძე: პენიტენციური სამსახური უპირობოდ ვერავის გაუღებს საკნის კარს და ვერ გამოუშვებს


რატი ბრეგაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პატიმრის გათავისუფლებას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ასე უპირობოდ, ბუნებრივია, ვერავის გაუღებს საკნის კარს და ვერ გამოუშვებს გარეთ. ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“, - თქვა მან.

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს ადამიანმა ციხე.

„მან უნდა მოიხადოს სასჯელი, ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია, ან თუ, მაგალითად, საუბარი არის განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, ამას სჭირდება სასამართლოს განჩინება, რა თქმა უნდა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. არის გაწერილი საფუძვლები და ბუნებრივია, ასე უპირობოდ გაჟღერებული მოთხოვნები ვერ ქმნის სამართლებრივ საფუძველს. ჩვენ ვიმოქმედებთ ყოველთვის კანონის საფუძველზე“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. 22 ნოემბერს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა თქვა, რომ ამ მიზეზით ექსპრეზიდენტს „თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის შესაძლებლობა" უნდა მიეცეს.

„არ შეიძლება ჯანმრთელობის აღდგენა მოხდეს, თუნდაც შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე, მორალურ მხარეზე.

ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს ღარიბაშვილის განცხადებების. ამას რომ თავი დავანებოთ, ნორმალურ ქვეყანაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას და არა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება... ნორმალურ ქვეყნაში გათავისუფლებაც კი ხდება ადამიანის, როცა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება", - თქვა საძაგლიშვილმა.

20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG