Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის თავისუფალ გარემოში მკურნალობა და რამდენად შესაძლებელია ეს?


11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრები - გლდანის პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე, ძალის გამოყენებით მოხდა.
11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრები - გლდანის პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე, ძალის გამოყენებით მოხდა.

ჯერჯერობით ექიმებს უჭირთ იმის თქმა, რა დროში გამოჯანმრთელდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამ ეტაპზე, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.  

22 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა სახალხო დამცველს, კონსულტაციისა და ალტერნატიული აზრის გაზიარებისთვის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში მის მიერ მოწვეულ ექსპერტთა გუნდის ჩართვა სთხოვა. მსჯავრდებული პაციენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ კი, ორი დღით ადრე, სააკაშვილისთვის თავისუფლად მკურნალობის უფლების მინიჭება მოითხოვა.

თავისუფალი მკურნალობა ერთადერთ ეფექტიან გამოსავლად მიაჩნიათ პაციენტის დედას, გიული ალასანიას და პაციენტის პარტნიორს, უკრაინის რადის დეპუტატს, ლიზა იასკოს.

იურისტებმა ახსნეს, რომ კანონის ენაზე ყიფშიძის ინიციატივა განაჩენის აღსრულების გადავადებას გულისხმობს.

  • რას ნიშნავს და რა შემთხვევებში ხდება პატიმრობის გადავადება?
  • არსებობს თუ არა საფუძველი მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის გადასავადებლად?
  • რას აჩვენებს საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა?

20 ნოემბერს გვიან საღამოს, როდესაც გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოვიდა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა არ ეყოფა და მას თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

ყიფშიძის უცვლელი პროგნოზია, რომ შიმშილობის შემდგომი სპეციფიკური მკურნალობის შემდეგ, მის პაციენტს აუცილებლად დასჭირდება სხვა სახის მკურნალობა. მისივე თქმით, თუ მსჯავრდებული სააკაშვილის საფუძვლიანი მკურნალობა თავისუფალ გარემოში არ დასრულდა, რუსთავის ციხეში დაბრუნების შემდეგ, პენიტენციურ სამსახურს ხშირად მოუწევს ყოფილი პრეზიდენტის კლინიკებში გადაყვანა - ღვიძლისა თუ ტვინის დაზიანებების გამო.

ყიფშიძე საკუთარ პროგნოზში დარწმუნებულია, თუმცა სხვების დასარწმუნებლად, ვინც ახლა ასე არ ფიქრობს, თანახმაა როგორც ფართო პროფესიული დისკუსიისთვის, ასევე საზღვარგარეთიდან მოწვეული ექიმების შეფასებების მოსასმენად.

21 ნოემბერს, როდესაც გორის საავადმყოფოდან გამოვიდა, ნიკოლოზ ყიფშიძემ პოსტტრავმული სინდრომიც ახსენა და თქვა შემდეგი:

  • ასეთ ავადმყოფებს აქვთ პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების „ძალიან რთულ მკურნალობას“ საჭიროებს, რათა „რეაბილიტაციას დაექვემდებაროს“;
  • საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება სახელმწიფოს მიერ შერჩეული ექიმების კონსილიუმის ჯგუფში;
  • მესამე პრეზიდენტს სურს შეხვედრა და კონსულტაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან და ამ ცენტრის მიერ შექმნილი ალტერნატიული კომისიის წარმომადგენლებთან, რომლებიც მზად არიან მონიტორინგი გაუწიონ მის მკურნალობას;
  • ჯანმრთელობის დამძიმების საფრთხეები ჯერ ისევ არსებობს.

„პოსტტრავმული სინდრომი“, ანუ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაავადებაა, რომელიც პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს მძაფრი სტრესის განცდის შედეგად. სიმპტომები შეიძლება იყოს, მაგალითად: ტრავმის განმეორებით განცდა აკვიატებულ მოგონებებში („ფლეშბეკი“), სიზმრებში, კოშმარებში; სხვებისგან იზოლირების სურვილი, კონცენტრაციის დაქვეითება თუ უძილობა. ხშირად ამ სიმპტომებს თან სდევს დეპრესია და შფოთვა, სუიციდური აზრები.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელს, ექიმ-ფსიქიატრ მარიამ ჯიშკარიანსა და მის ჯგუფს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლება პენიტენციური სამსახურისგან ჯერ არ მიუღიათ.

ჯიშკარიანი გვეუბნება, რომ „პოსტტრავმული სინდრომი“ სტრესზე მომუშავე ფსიქიატრების სამართავი პრობლემაა, თავდაპირველად ეს ვერსია ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ მან ახსენა, მაგრამ ამ ეტაპზე „დიაგნოსტიკა ჯერჯერობით არ ჩატარებულა“.

შესაძლებელია თუ არა, „პოსტტრავმული სინდრომი“, თუკი ეს მას დაუდგინდება, იქცეს მკურნალობამდე პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძვლად?

ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ჯიშკარიანის თქმით, მკურნალობამდე სასჯელის გადავადების საკითხი კომპლექსურ შეფასებას მოითხოვს.

პატიმარი პაციენტის დედა გიული ალასანია იმ ექიმების მადლიერია, ვინც ციხის სისტემის გარეთ, თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობებზე ლაპარაკობს, თუმცა ისიც იცის, რომ გადაწყვეტილება მარტივად არ არის მისაღწევი.

სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადის დეპუტატი, ლიზა იასკო ხაზს უსვამს, რომ პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად აუცილებელია თავისუფლება.

  • „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით, ვისზეც არის“, - გიული ალასანია;
  • „რთულად წარმომიდგენია მკურნალობა და რეაბილიტაცია, თუ ის თავისუფალი არ იქნება“, - ლიზა იასკო.

გადავადება თუ გათავისუფლება?

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება მისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს და, საქართველოს კანონმდებლობით, გამოჯანმრთელებული პაციენტი ისევ საპატიმროს უბრუნდება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სასჯელის კანონიერებას არ აღიარებენ და მათ მთავარ ამოცანას მიხეილ სააკაშვილის სრული გათავისუფლება წარმოადგენს და გზების გამონახვაზე „აქტიურად მუშაობენ იურისტები“.

22 ნოემბერს, როცა პაციენტის ნახვის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა, ენმ-ის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ მათ არ უსაუბრიათ „სასჯელის გადავადების“ შესახებ.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციის პერიოდი თავისთავად არის მიმდინარე პროცესი, მაგრამ მთავარი მიზანი ადამიანის ქვეყანაში შემოსვლის, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი სრულფასოვანი ჩართვა“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა 22 ნოემბერს, ასევე მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ, თქვა, რომ „ნორმალურ ქვეყანაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას და არა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება“.

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა გათავისუფლების საფუძველიც შეიძლებოდა გამხდარიყო.

სასჯელისგან გათავისუფლება, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს „დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია“ და, ასევე, „ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია“.

განსხვავებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების პრაქტიკა.

რას ამბობს კანონი გადავადებაზე?

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, განაჩენის გადავადება სასამართლოს პრეროგატივაა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება იყოს მსჯავრდებულის „მძიმე ავადმყოფობა“, რაც „ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე“.

თუმცა სასამართლო სხვა გარემოებებსაც ითვალისწინებს და მათ შორის იმასაც, თუ ვინ არის და რა ისტორია აქვს პატიმარს. კანონის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს:

  • პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებულ ან შესაძლებელ მკურნალობასა და დაავადების მიმდინარეობას;
  • თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობას;
  • მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, დანაშაულის ხასიათს, მოტივს, მიზანს, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

სასამართლო განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის შუამდგომლობით. აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა.

თუკი პატიმარს სასჯელი გადაუვადდება, ასევე სასამართლოს მიერ მას ეკისრება ვალდებულება, რომ „წელიწადში სულ მცირე ერთხელ“ საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს ექსპერტიზა და წარუდგინოს სასამართლოს. თუ ეს არ მოხდება, პატიმარს ციხეში შეაბრუნებენ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნის სამედიცინო საფუძველს ვერ ხედავს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სერგეენკო.

„ეს მისი მკურნალი ექიმის პოზიციაა. ეს სხვა ექიმებს არ დაუდასტურებიათ. მის მკურნალ ექიმს კი ყოველთვის ენდომება უკეთესი თავისი პაციენტისთვის“, - უთხრა სერგეენკომ 22 ნოემბერს ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, „არსებობს კანონმდებლობაში სასჯელის გადავადება ავადმყოფობის გამო, თუმცა იქ არის გაწერილი, რა კრიტერიუმების მიხედვითაა ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და არ გახდება საჭირო კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება“.

გადავადების გამოცდილება

გასულ წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უშედეგოდ ცდილობდა მკურნალობამდე სასჯელის გადავადებას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის. მაშინ უარი განაცხადა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომაც და განხილვის პროცესი ამით შეწყდა.

იმ დროს პაციენტი უკვე მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში იყო, მარჯვენა ხელისა და ფეხის გაჩერების გამო და 2019 წელს, ღუდუშაურის კლინიკაში ჩატარებულმა კონსილიუმმა მას გარკვეული სახის მენტალური პრობლემებიც დაუდგინა.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სასამართლომ „კანონი სიტყვასიტყვით განმარტა“ და რადგანაც ექსპერტიზის დასკვნაში სიტყვა „მძიმე“ არ ეწერა, პატიმარს უარი ეთქვა სასჯელის გადავადებაზე.

„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით პირდაპირი რეკომენდაცია იყო, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი გარემოებები უშლის ხელს მის გამოჯანმრთელებას, თუმცა, სამწუხაროდ, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთი ჩუთლაშვილი.

სხვა მაგალითის თანახმად, პაციენტ პატიმარს, რომელსაც ასევე დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, სასჯელი ჯერ 8-ჯერ გადაუვადდა და შემდეგ კი იგი პატიმრობისგანაც გათავისუფლდა.

„გადავადება იმ შემთხვევაში ხდება, როცა პენიტენციურ სისტემაში ასეთი პაციენტის მკურნალობის შესაძლებლობა არ არის, მდგომარეობა არ უმჯობესდება, ხოლო სამოქალაქო კლინიკაში მუდმივად გადაყვანა და მკურნალობა სახელმწიფოს დიდი თანხები უჯდება“, - გვეუბნება ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე.

მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ხერხემლის სერიოზული ტრავმა 9 წლის წინ ციხეში მიიღო, სასჯელის რამდენიმე წლით გადავადების შემდეგ, სავარძელში მჯდომი ისევ ციხეში შეაბრუნეს, ვინაიდან საკუთარი ხარჯით ექსპერტიზის ჩატარება ვეღარ შეძლო.

„ეს არ არის პატარა თანხა, სადღაც 2000 ლარზე მეტი გამოდიოდა და ვეღარ შეძლო. ციხეში რომ შეატრიალეს, მაგ დროს ჩავერთეთ და პროცესი თავიდან დავიწყეთ - მივმართეთ პენიტენციურ სამსახურს. მან საკუთარი ხარჯებით ჩაატარა ახალი ექსპერტიზა და სასამართლოს კვლავ გადავადებაზე მიმართა“, - გვიყვება დიმიტრი ნოზაძე.

ამის შემდეგ, ადვოკატის მონათხრობით, პაციენტს დასჭირდა ახლობლების დახმარება, რათა კიდევ ერთი ექსპერტიზა საკუთარი ხარჯით ჩაეტარებინა. ამ დასკვნასთან ერთად, სასამართლოს წარუდგინეს წინა ექსპერტიზების დასკვნები, ცნობები ოჯახური მდგომარეობის შესახებ და პატიმრობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებასაც მიაღწიეს.

ნოზაძის თქმით, „გადავადების შემდეგ, პატიმარს შეუძლია სამკურნალოდ მიმართოს ნებისმიერ კლინიკას, მათ შორის, საზღვარგარეთაც, თუკი ადგილზე ამის საშუალება არ არის, მაგრამ ის მუდმივად ანგარიშვალდებულია სასამართლოსთან“.

რამდენად ხშირია ან იშვიათია პატიმრებისთვის სასჯელის გადავადება და ძირითადად რა მიზეზების გამო?

სტატისტიკური და სხვა მონაცემების დასაზუსტებლად, შეკითხვებით რადიო თავისუფლებამ პენიტენციურ სამსახურსაც მიმართა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

კანონის მიხედვით, ვიდრე სასჯელის მოქმედება გადავადებულია, ჯერ მოუხდელი სასჯელის ვადას არაფერი აკლდება და გამოჯანმრთელების შემდეგ, პატიმარი იმდენივე დროს გაატარებს ციხეში, რაც გადავადებამდე ჰქონდა დარჩენილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG