Accessibility links

site logo site logo

ელენე ხოშტარიამ საკვების მიღება დაიწყო


პარტია "დროა"-ს ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საკვების მიღება დღეიდან, 23 ნოემბრიდან დაიწყო.

ელენე ხოშტარია, რომელიც რეაბილიტაციის მიზნით, მეხუთე დღეა კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს პირველად ჭამს საჭმელს, სისუსტე დაამარცხა, ფეხებში ძალა იგრძნო და კარგი ანალიზები აქვს.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 3 ნოემბერს დაწყებული შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, პარლამენტის შენობაში 14 ნოემბრიდან გამოცხადებული შიმშილობა შეწყვიტა ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატმა. ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ და ამ პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდში, რუსთავსა და ბათუმში. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 16 ნოემბრიდან დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG