Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიცია: სტრასბურგის წერილი სააკაშვილისთვის გადაყვანის შეთავაზების შემდეგ მივიღეთ


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის კომენტარს, რომელშიც ის ამბობს, რომ 19 ნოემბერს მას შემდეგ მიიღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წერილი, რაც პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა შესთავაზეს.

"სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა",- აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

ბექა ძამაშვილის განმარტებით, "მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში".

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილის შესახებ მედიისთვის ცნობილი რამდენიმე საათის წინ გახდა, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა.

ამ ახალი წერილით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა (ამ შემთხვევაში განმცხადებელმა) დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ხოლო მთავრობამ მას უნდა გაუწიოს, ახალ, შეცვლილ სამედიცინო გარემოებებზე დაყრდნობით, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომელიც გაითვალისწინებს 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გლდანის პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო სივრციდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 19 ნოემბერს 15:00 საათზე შესთავაზა. მინისტრმა რამდენიმე პირობა დაასახელა, მათ შორის იყო შიმშილობის შეწყვეტა და კლინიკასთან აქციების გამართვაზე უარი. სააკაშვილი ამ შეთავაზებას დასთანხმდა.

ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მისაღები იყო სახალხო დამცველისთვისაც, რომლის ეგიდითაც რამდენიმე დღით ადრე ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნა და ჯგუფის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის საავადმყოფო შეამოწმეს. დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ.

19 ნოემბრამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ არსად, რადგან ციხის საავადმყოფოში მისი მკურნალობა შესაძლებელი იყო. სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან გადასვლას შიმშილობის შეწყვეტის აუცილებელ პირობად ასახელებდა.

სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის 17 ნოემბრის დასკვნა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დოკუმენტს ყალბი ("ფეიკი") დასკვნაც უწოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.
​სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG