Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ფიზიკურად გაცილებით აქტიურია - სახელმწიფო კონსილიუმის შეფასება


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის 50-დღიანი საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს, სახელმწიფო სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ნინო შარაშენიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„პაციენტის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგები და თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება რეაბილიტაციის ვადას და ჩატარებული თერაპიის მოცულობას. თავს გრძნობს უფრო მხნედ. აქტიურია, იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც აკეთებს ენდოკრინოლოგი და იყენებს დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინს“, - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

მისი თქმით, რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, რის საფუძველზეც მისაღები მედიკამენტების დოზირების და მათი ჩამონათვალის კორექცია ხდება.

ნინო შარაშენიძის თქმით, სააკაშვილი დღეს ინახულეს ნევროლოგმა, გასტრო-ენტეროლოგმა, ენდოკრინოლოგმა, ნუტრიციოლოგმა, რეანიმატოლოგმა, როგორც კონსილიუმის წევრმა, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა.

ნევროლოგის, ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია დადებითია.

„რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომელსაც, რასაკვირველია, სჭირდება დრო, მკურნალობა მიდის შეჯერებულად ყველა სპეციალისტის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების აღდგენა, რაც პაციენტის მდგომარეობის თანდათან გაუმჯობესების საფუძველი უნდა გახდეს ყველა ასპექტის გათვალისწინებით“,- განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში სახალხო დამცველი, მის მიერ შექნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი და პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ხვდებიან.

19 ნოემბერს, სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.

​სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG