Accessibility links

site logo site logo

ნინო ლომჯარიას თქმით, გართულებულია გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შესვლა


ნინო ლომჯარია

გორის სამხედრო ჰოსპიტალი რამდენიმე წუთის წინ დატოვა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მან ილაპარაკა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნახვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

„ძალიან გართულებულია შესვლა. დაახლოებით ორი საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად გაურკვევლობა არის შიგნით, კომუნიკაცია არის გართულებული ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის. რეალურად ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც; ჩემთვის გაურკვეველია სად, არკვევენ რაღაცებს, რაც, ასევე, ჩემთვის გაურკვეველია. ამან წაიღო დაახლოებით ორი საათი“, - თქვა სახალხო დამცველმა.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, საბოლოო ჯამში, მან და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა შეძლეს ჰოსპიტალში შესვლა. „იმ ექიმებს, რომლებმაც თავდაპირველად გასინჯეს [სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმიდან], კიდევ ერთხელ გასინჯვის საშუალება მიეცათ. დანარჩენებმა ნახეს სამედიცინო ისტორია“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება უფლებრივ საკითხებს, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, გამოსწორებულია საკითხები, რაზეც წინა ვიზიტის დროს მათ ჰქონდათ შენიშვნები.

„მაგალითად, ბადრაგი აღარ ესწრება მის [მიხეილ სააკაშვილის] სამედიცინო შემოწმებას. პრობლემა არის ის, რომ გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება და ასევე, სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც ის ამას ფიზიკურად შეძლებს. ეს მოსაგვარებელია. ამ ინფორმაციას გადავცემთ პენიტენციურ სამსახურს. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია“, - შენიშნა ლომჯარიამ.

სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე არსებული კლინიკა და ექსპრეზიდენტის მდგომარეობა. ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.

20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG