Accessibility links

site logo site logo

სკანდალი სოხუმის სკოლაში ცისარტყელას ფერების დროშის გამო


სოხუმი, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა

ბოლო დღეებში ფეისბუკჯგუფებში ცხარედ განიხილავდნენ სკანდალს, რომლის თემაც უჩვეული და ცოტა ეგზოტიკურიც კი იყო. სოხუმის 2 სკოლაში, 17 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, საილუსტრაციო მასალებს შორის ბავშვებს აჩვენეს ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ცისარტყელას ფერების დროშა, რომელსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები თავიანთ სიმბოლოდ იყენებენ.

ეს მოხდა ღია გაკვეთილზე, რომელსაც განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობა ესწრებოდა. ხმაური ერთ-ერთმა მშობელმა ატეხა, რომელმაც ნახა გაკვეთილის ვიდეო და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

შსს-ს პრესცენტრმა გაავრცელა შეტყობინება, სადაც ეწერა: როგორც შემოწმებისას გაირკვა, დაფის გასაფორმებლად კლასის ხელმძღვანელმა გამოიყენა თვალსაჩინოებები, მათ შორის, ცისარტყელას ფერების დროშა - „სიმბოლო მშვიდობისა დედამიწაზე“.

სოხუმის №2 სკოლა
სოხუმის №2 სკოლა

შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ერთ-ერთი თვალსაჩინოება მშობლებმა სექსუალური უმცირესობების სიმბოლოდ აღიქვეს. გაკვეთილზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში მოხვდა და მძაფრი პოლემიკა გამოიწვია. სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს არასრულწლოვანთა განყოფილების ინსპექტორები სკოლას ეწვივნენ. მომხდარი სკოლის დირექციასა და კლასის ხელმძღვანელთან განიხილეს. შეხვედრას დედაქალაქის ადმინისტრაციის განათლების ხელმძღვანელი ასტანდი ტარკილიც ესწრებოდა“.

სინამდვილეში ვიკიპედიაში ცისარტყელას ფერების დროშის განმარტებებს შორის ამგვარ ჩანაწერსაც ვხვდებით: „მშვიდობის დროშა“ (იტალ: Bandiera della Pace) არის მშვიდობისთვის საერთაშორისო მოძრაობის ერთ-ერთი სიმბოლო. მის ავტორად მიიჩნევა იტალიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და ჰუმანისტი ალდო კაპიტინი, რომელმაც ცისარტყელას სიმბოლო გამოიყენა მშვიდობის დასაცავად მოწყობილ პირველ მარშზე, 1961 წლის 24 სექტემბერს. ცისარტყელა შეირჩა, როგორც მრავალფეროვნების სიმბოლო, ასევე როგორც ზავის სიმბოლო ბიბლიიდან“.

შეიძლება ითქვას, რომ უფლებადამცველები ამ ვერსიაზე კეთილი განზრახვით შეჩერდნენ - ვნებათაღელვის ჩასაცხრომად. თუმცა, რა თქმა უნდა, შვიდფერა დროშა (ცისარტყელას ყველა ფერი, ცისფერის გარდა) მსოფლიოში უმეტესად ლგბტ თემის სიმბოლოდ აღიქმება. ინტერნეტკომენტარებს შორის იყო ასეთი რეპლიკაც: საერთოდ რა შუაშია მილიცია? რასაც არ უნდა აღნიშნავდეს დროშა, მისი დემონსტრირება აფხაზეთში კანონით არ იკრძალება. თუ მშობლები უკმაყოფილოები არიან, შეუძლიათ მანამდე იბრძოლონ, სანამ პედაგოგს არ გააგდებენ სკოლიდან, მაგრამ ამ ყველაფერში სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა უცნაურია“.

ბევრი გამოთქვამდა აზრს, რომ ახალგაზრდა პედაგოგი საერთოდ ვერ მიხვდა დროშის მნიშვნელობას, სხვები კი ამბობდნენ: სიმბოლოების გაცნობა, რატომ არის უშუალოდ ამ მოძრაობების პროპაგანდა?“, თუმცა არც მათი რაოდენობა იყო ცოტა, ვინც „განგაშის ამტეხებს“ მიემხრო.

„ეხო კავკაზამ“ გადაწყვიტა მოესმინა ბლოგერის, პედაგოგის, ბავშვთა ფსიქოლოგის ოლესია მალანკის თვალსაზრისი.

„რამდენადაც ვიცი, მშობელმა იჩივლა. ვფიქრობ, მას ემოციებმა სძლია. ალბათ საჭირო იყო, პედაგოგთან მისულიყო, აეხსნა, რომ ამ სიმბოლოს ორმაგი მნიშვნელობა აქვს. სკოლის ხელმძღვანელობასთანაც შეიძლებოდა მისვლა და არა პირდაპირ მილიციაში ან ზემდგომ ორგანოებში. დიდი ხანია ტოლერანტობაზე გაკვეთილებს ვატარებთ. ტოლერანტობა რას ნიშნავს? ჩვენ გაკვეთილზე ვსაუბრობთ, რომ პატივი უნდა ვცეთ სხვა რელიგიის, ეთნოსის ადამიანებს, რომ არიან ცუდი ადამიანები, მაგრამ არ არსებობს ცუდი ეროვნება. თუ ადამიანს სხვა ფერი კანი აქვს, ისიც უნდა მივიღოთ. მაგრამ რაც პედაგოგი ვარ, არ მახსოვს, რომელიმე მასწავლებელი ამ თემას შეხებოდა. ეს გოგონა, ეს ახალგაზრდა მასწავლებელი, საბრალოს მეუღლე გარდაეცვალა, ნამდვილი აფხაზი გოგოა... მას გაკვეთილზე არაფერი იმდაგვარი არ უთქვამს, როგორადაც საქმე წარმოაჩინეს. მე ვესაუბრე მშობლებს, რომლებმაც ვიდეოჩანაწერი ნახეს. საერთოდ არ იყო ეს თემა. იყო ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ერთადერთი სურათი, რომელზეც ცისარტყელას ფერების დროშა ტოლერანტობის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი“.

ოლესია მალანკამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ პედაგოგისა და სკოლის ხელმძღვანელობის ლანძღვამ სწორედ იმას შეუწყო ხელი, რის წინააღმდეგაც ისინი გამოდიოდნენ, ვინც ხმაური ატეხეს - თემამ ბავშვების ყურადღება მიიპყრო.

ახლა ამ თემაზე ბავშვები საუბრობენ. თუ აქამდე ამ მოძრაობის შესახებ არც იცოდნენ, ახლა ინტერნეტში შესაბამის ინფორმაციას ეძებენ. დღეს ამაზე კლასში ლაპარაკობენ, მასწავლებლები ლაპარაკობენ და კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ. არადა, ბავშვებს სწავლა სჭირდებათ და მასწავლებელთან ურთიერთობის გაგრძელება, მით უფრო, რომ მას კარგად ახასიათებენ. ცუდი იქნება, თუ ბავშვები კარგ ხელმძღვანელს დაკარგავენ“.

სოციალურ ქსელში გამოთქმული შეხედულებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. აი, რა დაწერა ელა ჯიქირბამ:

მასწავლებლის ადგილას ამ ლანძღვის ორგანიზატორებს მორალური ზიანისთვის ვუჩივლებდი. მე თქვენ მხარეს ვარ, ძვირფასო! პატივს გცემთ, გამძლეობას და ყველა სიკეთეს გისურვებთ!“

მას თანამოაზრეებმაც დაუჭირეს მხარი:

ობსკურანტიზმს საზღვარი აღარ აქვს. ქვეყანაში მეტი არაფერი გვიჭირს, რომ დროშას ყუმბარები არ დავუშინოთ? საქმეს მიხედეთ!“

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ფოტო აღებულია რუსული საიტიდან მასწავლებლებისთვის... ნარკომანიას და გზებზე სიკვდილიანობას ებრძოლონ ასეთი გავეშებით, მაგრამ რაღაც არ ჩანს მსურველი“.

ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი მასწავლებელია, ძალიან ყურადღებიანი და კეთილი ჩვენი ბავშვების მიმართ! მშობლები დადებითად ვიყავით განწყობილნი სწორედ მისი ბავშვებისადმი დამოკიდებულების გამო. როგორც პედაგოგი, განათლებული და პროფესიონალია“.

მწერალი და მეცნიერი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ანა ბროიდო კი სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს.

ჩემს ბავშვობაში მასწავლებლები ვაჟკაცობაზე აკეთებდნენ გაკვეთილებს და არა ტოლერანტობაზე საეჭვო ელფერით. რა თქმა უნდა, ცისარტყელა საყვარელი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ასე სვასტიკაც ძველად ნაყოფიერების სიმბოლო იყო. მასწავლებელი, რომელმაც არ იცის, მექანიკურად "გუგლავს", მერე კი ამას ბავშვებს ასწავლის - არცთუ ისე გამოსადეგია ამ პროფესიისთვის. თუმცა, მე არ ვარ მომხრე, ყველაფერი მარტო მას დაბრალდეს. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ტოლერანტობაზე გაკვეთილი ჩაეტარებინა, მაგრამ, თუ მისი გაუთვითცნობიერებლობით ვიმსჯელებთ, ეს მისი ინიციატივა არ უნდა იყოს. თუ სამინისტრომ გადაწყვიტა ბავშვები ტოლერანტობისთვის ეზიარებინა, მაშინ მას მასწავლებლებისთვის მეთოდური რეკომენდაციებიც უნდა მოემზადებინა. ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი გაკვეთილები ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს. "აფსუარას" ტოლერანტობის შესანიშნავი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს, განსხვავებით ბევრი "განვითარებული" ქვეყნისგან. ამაზე უნდა მოვუყვეთ ჩვენს ბავშვებს. ის კი, რაც მოხდა, - უკეთეს შემთხვევაში პროფანაციაა, უარეს შემთხვევაში კი - უცხო ტრადიციებისა და ფასეულობების ჩანერგვა ბავშვებისთვის“.

აი, მისი თანამოაზრეების გამონათქვამებიც:

განათლების სამინისტრო, იმედია, უარს არ იტყვის და მკაფიოდ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ლგბტ თემის მიმართ. გვინდა ვიცოდეთ, ვის ვანდობთ ჩვენს ბავშვებს. ჩვენს ახალგაზრდებში ისედაც შეინიშნება მორალური და ზნეობრივი ფასეულობების დეგრადაცია. ჩვენი ხალხისთვის ტრადიციული დამოკიდებულებები იცრიცება, გარყვნილობაში გადავარდნაღა გვაკლდა“.

ჩვენი მორალური კოდექსი, სახელწოდებით "აფსუარა", ვერ გუობს ტერმინს ტოლერანტობა, მის ყველა გამოვლინებაში. რატომ უნდა ჩამორჩეს ჩვენი ბავშვების მეხსიერება? სხვა ფასეულობები არსებობს, რომლებზედაც უნდა ვილაპარაკოთ“.

როგორც ბოლო კომენტარიდან ჩანს, ზოგიერთისთვის თავად ტოლერანტობის ცნება არის მიუღებელი, მიაჩნია რა, რომ ის აფხაზებისთვის უცხო და მავნეა. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა დაწერა:

მეც არ ვემხრობი ცისარტყელას ფერების დროშის ფრიალს, როგორც საშუალებას, საკუთარი ორიენტაცია სხვას მოახვიო თავზე, მაგრამ ის, ვინც ტოლერანტობის წინააღმდეგ გამოდის, შეუწყნარებლობას ქადაგებს. განა აფხაზურ საზოგადოებაში სიამაყით არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, რომ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ .. აფხაზი ზანგები და ასე შემდეგ?“

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG