Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დაინტერესდა 3+3-ის მექანიზმის მიმართ ქართული მხარის დამოკიდებულებით


გრიგორი კარასინი, ზურაბ აბაშიძე
გრიგორი კარასინი, ზურაბ აბაშიძე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, „რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს“.

ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა. განიხილეს აბაშიძე-კარასინის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.

პრესრელიზის თანახმად, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზგასმით ითქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

3+3 გულისხმობს ფორმატს კავკასიის სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს - ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.

8 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ილაპარაკა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციის შესახებ.

იმის გამო, რომ 3+3 ფორმატი რუსეთის მონაწილეობას ითვალისწინებს, დავით ზალკალიანმა საზოგადოებას ჯერჯერობით ფიქრისთვის მიაწოდა მთავრობის პოზიცია.

XS
SM
MD
LG