Accessibility links

site logo site logo

3+3-ის რუსული მიზნები და საქართველოს ჩართვის იმედები


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი (მარცხნივ), თურქეთის პრეზიდენტი - რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი -ანკარა, თურქეთი. 16 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური პროცესების პარალელურად, მოსკოვში კვლავ აქვთ იმედი, რომ თბილისი დაინტერესდება  3+3 ფორმატით. 

მოსკოვის, ანკარისა და თეირანის - სამი რეგიონული ძალის და სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის ერთ პლატფორმაზე გაერთიანებას მხარს არ უჭერს საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს, რომ კავკასიის პატარა ქვეყნებმა, და განსაკუთრებით საქართველომ, უარი თქვას 3+3-ზე. ეს საკითხი, შესაძლოა, განიხილება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებშიც.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის რეგიონული ვიზიტის თანმდევად, 5 ნოემბერს, სომხეთში შეხვედრები გამართა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა. ინტერფაქსის ცნობით, მან სომხეთის პრეზიდენტთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის ფარგლებში შეინარჩუნებენ სრულ სუვერენიტეტს მათ ტერიტორიებზე გამავალ საავტომობილო გზებზე.

თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, რომლებიც ე. წ. ზანგეზურის დერეფნის იდეას უჭერენ მხარს, თურქული წყაროების ცნობით, 8 ნოემბერს ყარაბაღში, ფიზულის აეროპორტის ამოქმედების ცერემონიალს დაესწრებიან.

ოქტომბრის ბოლოს, რეგიონში თანამშრომლობის ფორმატებზე ისაუბრეს რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ რომში, G20-ის სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.

„ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა და ურთიერთ სასარგებლო ინფრასტრუქტურული პროექტებისამხრეთ კავკასიაში“ - ასე აღწერს რუსეთის მედია 3+3-ის გეგმების ეკონომიკურ შემადგენელს, რომელზეც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილაპარაკეს და იქვე რუსმა მინისტრმა საქართველოც ახსენა.

„როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთის მხარე მუშაობს სომეხ კოლეგებთან და იმედოვნებს, რომ საქართველოც გამოხატავს დაინტერესებას ამ პლატფორმით“ - ლავროვის ამ სიტყვებს რუსეთის არაერთ მედიასაშუალება ავრცელებს.

ოქტომბრის დასაწყისში სერგეი ლავროვმა ეს საკითხი განიხილა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან შეხვედრაზე. იქაც, ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსენა საქართველოსთან დაკავშირებული იმედები და თქვა, რომ ეს პლატფორმა სარგებელს მოუტანს „არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, არამედ - საქართველოსაც“.

რუსეთი 3+3-ის პლატფორმას ურთიერთსასარგებლო კავშირად წარმოადგენს, თუმცა ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ გაძლიერებული პოზიციებით, მოსკოვი რეგიონში დასავლეთის საპირწონე ცენტრის შექმნას ცდილობს. საკითხი პრინციპულად დგას: თუკი საქართველო არ შეუერთდება 3+3 პლატფორმას, მაშინ ის დასავლეთის ხელში რჩება და შედეგად, კვლავაც რჩება საფრთხე, რომ ქვეყანა ერთ დღეს ნატოშიც გაწევრიანდება. მოვლენათა ასეთი შესაძლო განვითარება აშინებს, მაგალითად, ანტიდასავლური პოზიციით გამორჩეულ რუს ჟურნალისტს, ყოფილი პოლიტიკოსს მაქსიმ შევჩენკოს, რომელიც საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით კრემლის თანამოაზრეა.

შევჩენკო ხშირად აღნიშნავს, რომ „თუ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, რუსეთისთვის ეს გეოპოლიტიკური, სტრატეგიული მარცხი იქნება. ამას რუსეთი არასოდეს დაუშვებს“.

მსჯელობა შეთქმულების თეორიებამდეც მიდის. მაქსიმ შევჩენკომ, უკვე მრავალჯერ გაიმეორა, რომ სააკაშვილი ამერიკელებმა შემოიტყუეს საქართველოში და მას ახლა გასწირავენ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ანტირუსული კოალიციური მთავრობის შექმნაზე დაიყოლიონ - 3+3-ის ჩაძირვის მიზნით.

შევჩენკო ასევე არცთუ იშვიათად ახსენებს ბიძინა ივანიშვილსაც და ასე იყო ბოლო ჯერზეც, "ეხო მოსკვის" ეთერში.

„შედგება კოალიციური მთავრობა „ნაციონალებსა“ და „მეოცნებეებს“ შორის. ასე სურთ ამერიკელებს - ბიძინამ [ივანიშვილმა] უნდა შეწყვიტოს ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და უფრო ანტირუსული პოზიცია უნდა დაიკავოს. მაგრამ ბიძინას თვითონ არ შეუძლია ანტირუსული პოლიტიკის დაკავება, რადგან ის ზედმეტად დაკავშირებულია რუსეთთან... კოალიციური მთავრობა შეიქმნება იმისთვის, რომ სააკაშვილის ხალხი საკვანძო პოზიციებიდან დაემუქრონ ჩრდილოელ მეზობელს“ - თქვა მან. “

რამ გაუჩინა რუსეთს იმედი?

როცა 3+3-ის ფორმატში საქართველოს საკითხს აშუქებს, რუსეთის მედია ხშირად ახსენებს საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რომელმაც 8 ოქტომბერს, 3+3-ის პლატფორმაზე საუბრისას, ასევე თქვა, რომ საქართველო „რაღაც ფორმით“ უნდა იყოს ჩართული რეგიონში დაგეგმილ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ამ განცხადების შემდეგ დაწყებული ხმაურის ფონზე, საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მინისტრს არასწორად გაუგეს.

საგარეო უწყებამ მაშინ დააზუსტა, რომ მინისტრი კვლავ ძველ აზრზე რჩება, საქართველო არ შეუერთდება 3+3-ის ფორმატს, სადაც მისი ოკუპანტი ქვეყანა ეგულება და რომ დავით ზალკალიანის ნათქვამში იგულისხმებოდა სტრატეგიული პროექტები, „რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში“ და მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ქვეყნის „ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“.

თუკი, მინისტრი არ გულისხმობდა 3+3-ის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაშინ ექსპერტების ერთი ნაწილისთვის კვლავ გაუგებრად რჩება, რას გულისხმობდა შემდეგი ფრაგმენტი მისი 8 აგვისტოს განცხადებიდან:

„თუმცა, მე მინდა ასევე საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ რაღაცა ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში [მივიღოთ მონაწილეობა]... რაღაც ფორმით, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე. წითელი ხაზი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.

ამერიკის პოზიცია

ქართველი ექსპერტებისთვის ცხადია, რომ აშშ არ შეეგუება საქართველოს ჩართვას 3+3 ფორმატში და ეს განწყობა მათთვის მკაფიოდ გამოიკვეთა ამერიკის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტის დროსაც.

სწორედ 3+3-ს განიხილავენ ანალიტიკოსები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ერიკა ოლსონის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზნად.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიური ტურნე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს. საქართველოში ის სომხეთიდან ჩამოვიდა და აზერბაიჯანის მონახულების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, ისევ საქართველოს დაუბრუნდება.

4 ნოემბერს ერიკა ოლსონი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამ შეხვედრაში დავით ზალკალიანიც მონაწილეობდა. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პლატფორმა არ გვხვდება განხილული საკითხების ჩამონათვალში.

თუმცა, 5 ნოემბერს დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის პლატფორმით არის დაინტერესებული.

„მათთვისაც [აშშ-სთვის] ცნობილია, რომ ჩვენ ვთავაზობთ, რომ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად დიალოგისთვის და ჩვენ ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რაც გაზრდის ნდობას სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის, მათ შორის - უშუალოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის...

და ვისაუბროთ ასევე სხვა თემებზეც, მათ შორის - ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობაზე სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ლოგისტიკური კუთხით; ასევე - ბიზნესურთიერთობებზე, ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას და ეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ შეერთებული შტატები საგანგებო ყურადღევით ადევნებს თვალს რუსეთის მიერ 3+3-ის ფორმატის ფორმირების მცდელობას და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, მათ შორის - საქართველოსთან, თანამშრომლობის ალტერნატიულ გზებს ეძებს.

4 ნოემბერს "ტასმა" ადგილობრივ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთს ჯერჯერობით არა აქვს გადაწყვეტილი, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს 3+3-ის პლატფორმასთან დაკავშირებით.

ინიციატივა 3+3- სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის „ექვსთა პლატფორმის“ შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

იქამდე, ოქტომბერში აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის და თურქეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მთიან ყარაბაღში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG