Accessibility links

site logo site logo

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც დაპატიმრებისას 17 წლის იყო


არმან აბდოლალი (მარჯვნივ) და მისი მეგობარი გოგონა

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრების დროს 17 წლის იყო. გაეროსა და ადამიანის უფლებების დამცველებმა დაგმეს ეს ფაქტი.

25 წლის არმან აბდოლალი 24 ნოემბერს დასაჯეს სიკვდილით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, რომ შეეწყალებინათ ის. მას ბრალად ედებოდა თავისი მეგობარი გოგონას მკვლელობა.

გაეროს ადამიანის უფლებების უწყებამ სასჯელის აღსრულებას უწოდა „მეტად საგანგაშო და შემაძრწუნებელი“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებებმა“ (IHR) მომხდარი „საერთაშორისო დანაშაულად“ შეაფასა.

აბდოლალის ჩამოხრჩობიდან რამდენიმე საათის შემდეგ მამამისმა, ქამიარმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „ეს ბავშვი არ იყო მკვლელი. ის უკანასკნელ წუთამდე ყვიროდა, რომ არ იყო მკვლელი.“ „ეს ბავშვი უკანასკნელი შეხვედრის უფლებას ითხოვდა, მაგრამ მას არ დართეს ნება. მისი თქმით, ის ვერ შეხვდა თავის უმცროს ძმას. სხვებს, ვინც სიკვდილით დასაჯეს, სასჯელის აღსრულებამდე ორი დღით ადრე მისცეს უკანასკნელი შეხვედრის უფლება“, - თქვა სიკვდილით დასჯილის მამამ.

აბდოლალის მეგობარი გოგონა 2014 წელს გაუჩინარდა. მისი გვამი არასოდეს უპოვიათ.

IHR-ი, რომელსაც ოსლოში უდევს ბინა, აცხადებს, რომ დაპატიმრებისას აბდოლალიმ მკვლელობა აღიარა, მაგრამ მოგვიანებით უარყო აღიარება.

Amnesty International-მა „ერთობ უსამართლო“ უწოდა მის სასამართლო პროცესს, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, წამებით მიღებულ აღიარებას ემყარება.

აბდოლალის სიკვდილით დასჯა რამდენჯერმე გადაიდო მას შემდეგ, რაც უფლებადამცველმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ეს დაარღვევდა საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრიც არის ირანი და რომლებიც კრძალავს არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG